გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირება არაკვალიფიციური ინიციატივაა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონი ლარით შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მთლიანად გაუქმების საკითხს ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას გამოიწვევს.
„მინდა გამოვეხმაურო სრულიად არაკვალიფიციურ ინიციატივასა და დისკუსიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებასთან მიმართებაში. მთელი ამ წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. ახლაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დევს პარლამენტიდან შემოსული კანონპროექტი, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან ამის შესახებ უნდა ჰკითხოს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს. ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდებოდა და ახლაც ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება. ვის შეუძლია იმსჯელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაფინანსების რაოდენობაზე, გარდა იმისა, ვინც ამას ახორციელებს? არავის ჩვენთვის ეს არ უკითხავს, ამ საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, ვისაც არანაირი შემხებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა. განსაკუთრებით მინდა გამოვეხმაურო სარეზერვო ფონდის პრაქტიკულად გაუქმებას, მთლიანად წაღებულია ის თანხა, რაც სარეზერვო ფონდში იყო განსაზღვრული. სარეზერვო ფონდიდან მარტო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პერიოდში, 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას. მათ შორის, მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსებას. ამ ინიციატივებს, გიორგი მარგველაშვილი სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან ახორციელებდა. ახლა შემდგომი პრეზიდენტი, სრულიად გაურკვეველია, როგორ განახორციელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, საშტატო ნუსხის პროექტიც შეიცვალა ისე, რომ ამის ანალიზი არ გაკეთებულა.
„საშტატო ნუსხას პრეზიდენტისგან დელეგირებით ვამტკიცებ მე, შემდგომ ხდება აღნიშნული პროექტის წარდგენა ფინანსთა სამინისტროსთვის და ფინანსთა სამინისტრო ასახავს ამ რაოდენობას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში. ასე იყო წელსაც და წინა წლებშიც. წელს, ზუსტად ის რაოდენობა იყო ასახული, რომელიც ჩემ მიერ მომზადებული პროექტის თანახმად იყო და მოულოდნელად არჩევნების მეორე ტურის შემდგომ შეიცვალა ეს პროექტი ისე, რომ არავის ამის ანალიზი არ გაუკეთებია რეალური საჭიროებები რა უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები