ემზარ კვიციანი: „ნაციონალების“ სასარგებლოდ გაყალბდა არჩევნები და გააყალბა „ოცნებამ“

„ნაციონალების“ სასარგებლოდ გაყალბდა არჩევნები და გააყალბა „ოცნებამ“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კვიციანმა განმარტება პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ირმა ინაშვილმა პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, გამოძიებით დაადგინონ, რამდენად რეალურია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიერ მიღებული ხმები.
„ქალბატონმა ირმამ აბსოლუტურად სწორად აღნიშნა ეს. 2 დეკემბერს ჰქონდათ აქცია „ნაციონალებს“, ეს იყო სარკე იმისა, რამდენი ამომრჩეველი ჰყავთ მათ და რამდენმა მისცა ხმა. ვერავის დავეთანხმები, რომ „ნაციონალებმა“ გააყალბეს, არჩევნები გააყალბა ხელისუფლების იმ სტრუქტურებმა, რომლებსაც ევალებათ არჩევნების ჩატარება. ვეთანხმები ირმა ინაშვილს, აუცილებელია ამის გამოძიება. გამოძიება აუცილებელია, რადგანაც არჩევნებზეა დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოება. ხალხის არჩევანი უნდა იყოს ხალხის არჩევანი და არ უნდა ყალბდებოდეს. ამაზე დიდი აფერისტობა, თაღლითობა, ღალატი არ არსებობს, რომ არჩევნებს გაუყალბებ ხალხს.
რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ხელისუფლება გაყალბებაში? რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ხელისუფლება თუნდაც იმაში, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დააყენა, რომელიც არ იყო მისი კანდიდატურა. დამოუკიდებელი იყო, როგორც თავად ამბობენ. ხომ დავინახეთ, რომ ჩიხური მდგომარეობა შექმნეს შეგნებულად იმისთვის, რომ ვიღაცის დავალება შეესრულებინათ. ეს არის სახიფათო, რომ უცხოელები, ვისაც უნდა იმას მოგვიყვანენ ხელისეფლებაში. „ნაციონალების“ სასარგებლოდ გაყალბდა არჩევნები და გააყალბა „ოცნებამ“. ყველა ხედავს ამას“, – განაცხადა კვიციანმა.
მისი თქმით, „ქართულს ოცნებას“ არ სურს, ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალა „პატრიოტთა ალიანსი“ იყოს.
„მათი რჩეული არ იყო სალომე ზურაბიშვილი. მათ ვიღაცამ უთხრა, ეს გააკეთეთო. მათ არ აწყობთ ის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ იყოს მეორე ძალა. მაშინ „პატრიოტთა ალიანსთან“ ისინი დამარცხდებოდნენ. ჩვენ რომ გვყოლოდა ჩვენი კანდიდატურა, თუნდაც ირმა ინაშვილი, გავიმარჯვებდით, თუ არ გაყალბდებოდა არჩევნები. დავალება აქვთ ასეთი მათ. ვისაც ევალებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაეცოცხლებინა, ხომ გააცოცხლეს? ძალით აცოცხლებენ. ამას ვაპროტესტებთ ჩვენ.
ჩვენ არ ვართ თავისუფალი ქვეყანა. ვისგან არის ეს მართული? აიღეთ ჩვენი მდგომარეობა აფხაზეთში. ეს გზა გამოვიარე, ამ ყველაფერში ვიხარშებოდი, ვხედავდი, ვინ იყო ჩვენკენ, რას აკეთებდა გაერო, ეუთო, ამერიკელები, რუსები, როგორ იყვნენ ერთმანეთში შეხმატკბილებულები, როგორ ერთმანეთში შეხმატკბილებულად წაგვართვეს ტერიტორიები და გადასცეს რუსეთს“, – განაცხადა კვიციანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები