რა კავშირი აქვს საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“ ლალი მოროშკინას?

            რა კავშირი აქვს საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველს ლალი მოროშკინას – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია იმ მიზეზებზე თუ რატომ „აუჯანყდა“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მოროშკინა.
როგორც გაზეთი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ლალი მორშკინას მისი მეუღლის ირაკლი ჯაფარიძის მეგობრებთან – ე.წ.ქურდული სამყაროს წევრებთან სპარტაკ ჯაფარიძესთან და გიორგი ავალიანთან ახლო ურთიერთობა აქვს. როგორც გაზეთი წერს, გიორგი ავალიანს პატიმრობა 2042 წლამდე ჰქონდა მისჯილი და, კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მოროშკინას რეკომენდაციით, ის უდო-ს კომისიამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქურდული სამყაროს წევრებსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველს შორის კავშირზე „ზემოთ“ შეიტყვეს და „შეიმჩნიეს“. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამის საპასუხოდ მოროშკინამ დასწრების მექანიზმი აამუშავა და ხმაური ატეხა – „პრემიებს ირიგებენ და „ნაცზონდერებს“ ამუშავებს დიმიტრი დარბაისელიო“.
როგორც “ვერსიასთან“ პრივატულ საუბარში ინფორმირებული წყარო აცხადებს , მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდს ემთხვევა ე.წ. კრიტიდან ღია დაწესებულებებში პატიმრების გადაყვანის შემთხვევებიც. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს ლალი მოროშკინას მეუღლის ირაკლი ჯაფარიძის ციხიდან დაუბრკოლებლად მოკლე დროში გამოსვლის ფატზე.„მოროშკინას „ციხეებში“ დანიშვნას საზოგადოებაში თავიდანვე მოჰყვა თითქმის პროტესტამდე მისული გაოცება. ვერ გეტყვით, პენიტენციალური სისტემის წინაშე რა დამსახურება ჰქონდა ყოფილ ჟურნალისტს, რომელიც საზოგადოებაში ერთხანს ბეწვეულის ეპატაჟური რეკლამირებით დაკავებულ ქალბატონად აღიქმებოდა, მაგრამ „ჩანგლებით მონადირე“ მოროშკინამ, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, სასჯელაღსრულებაში ადგილის ,,მოჩანგვლა’‘ მაინც მოახერხა. არადა, კაცმა რომ თქვას, სად პროდასავლური გაქანების სუბარი და სად ხომერიკისა და ებრალიძის მეგობრად ცნობილი მოროშკინა?! სუბარი არც პრეზიდენტი იყო და არც მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ლალის იმ არასამთავრობო ორგანიზაციას აუნთო ,,მწვანე’‘, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ სასჯელაღსრულებისა და ციხეების მონიტორინგის ჯგუფში მუშაობდა.
როგორც წყარო გვიამბობს, მოროშკინას არასამთავრობო ბევრჯერ გაეხვია უსიამოვნო ხმაურში, მაგრამ ეს ფაქტები ციხის გარეთ არ გამოსულა. სამაგიეროდ, ამ სფეროში მომუშავეებს კარგად ახსოვთ, რომ მობილური ტელეფონების შეტანა ციხეებში სწორედ ამ დროს დაინერგა, ამ ამბავს მაშინ დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხასაია გადააყოლეს, მოროშკინა კი, სუბარის წყალობით, დეპარტამენტში დარჩა. როგორც პრივატულ საუბარში გვეუბნებიან, ამავე პერიოდში დაფიქსირდა ქალბატონი ლალის აქტივობები სხვა მიმართულებითაც, მათ შორის ,,კრიტიდან’‘ ღია დაწესებულებებში პატიმრების გადაყვანის შემთხვევებიც.
არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ რის სანაცვლოდ უწვდიდა მოწყალების ხელს მოროშკინა პატიმრებს, ეს, ალბათ, თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შეფებმა იციან ისევე, როგორც ყველამ იცის ,,ციხეზე“, თუ როგორ გაიცნო პატიმარი ირაკლი ჯაფარიძე მონიტორინგის ჯგუფში მუშაობისას. ახლა მეტყვით, სიყვარულმა ციხე და საპატიმროები არ იცისო, მაგრამ, ფაქტია, ციხის გისოსებში ნაპოვნი მეუღლე ციხიდან მალევე გამოდის და დეპარტამენტის შეფის მრჩეველიც მასთან ერთად საბერძნეთში საქორწინო მოგზაურობას იწყებს.
ანალოგიურად დაეხმარა იგი მეგობარს – ლიკა ყაზბეგისა და პატიმარ გენადი ჯელაძის ქორწილის ციხეში ორგანიზება დეპარტამენტის შეფის მრჩევლის დამსახურებაა და პატიმრის ქორწილში ხელისმომკიდედაც კი იხილა საზოგადოებამ. მოროშკინამ ციხის მაშინდელ ადმინისტრაციას პატიმრის უფლებების შეზღუდვაშიც კი დასდო ბრალი, რადგან ბადრაგმა პატარძალი ქორწილის შემდგომ ქმართან საპატიმროში აღარ შეუშვა.
პრინციპში, საპატიმროებში ქორწინება ცუდი არ არის, ერთი ფაქტი რომ არ ქმნიდეს უხერხულობას: ლალი მოროშკინას რანგი და ინფორმაცია მისი მეუღლის მეგობრების-საბერძნეთში მყოფი კანონიერი ქურდების – სპარტაკ ჯაფარიძისა და გიორგი ავალიანის შესახებ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს პატიმრობა 2042 წლამდე ჰქონდა მისჯილი და, კულუარებში გავრცელებული ვერსიით, როგორც ამბობენ, სწორედ მოროშკინას რეკომენდაციით, უდო-ს კომისიამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა. რამდენად ახლოსაა სინამდვილესთან ინფორმაცია, რომ მოროშკინა და მისი მეუღლე საბერძნეთში მყოფ ზემოაღნიშნულ პირებს შეხვდნენ, ეს, ალბათ, მხოლოდ ამ შეხვედრის მონაწილეებმა იციან, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კულუარებში ამბობენ, მოროშკინას აღნიშნული კონტაქტებისა და ნაცნობობის შესახებ ,,ზემოთ’‘ შეიტყვეს და შეიმჩნიესო. ლალიმაც დროზე ადრე დასწრების მექანიზმი აამუშავა და ხმაური ატეხა, პრემიებს ირიგებენ და ,,ნაცზონდერებს’‘ ამუშავებს დიმიტრი დარბაისელიო – მოროშკინას მოულოდნელი განაწყენების მიზეზად ზოგიერთი სწორედ ამ ვერსიასაც ასახელებს.
სხვათა შორის, მოროშკინას დღემდე ოფიციალურად არ დაუტოვებია მრჩევლის თანამდებობა. როგორც დაწესებულებაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში სიარულით თავს არ იკლავდა, პრემიას პრემიაზე იღებდა და მთელი მისი აქტივობა პატიმრების საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით შემოიფარგლებოდაო“, – წერს გაზეთი.
თავად ლალი მოროშკინა “ვერსიასთან“ ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობისას პატიმარ გიორგი ავალიანს მართლაც შეხვდა. რაც შეეხება „კანონიერ ქურდებთან“ კავშირს მოროშკინა ამ თემას გამოგონილს უწოდებს და აცხადებს, რომ საბერძნეთში მეუღლესთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა და სპარტაკ ჯაფარიძესთან შეხვედრა არ ჰქონია.
“გიორგი ავალიანს შევხვედრივარ, კი ბატონო, სისტემაში მუშაობისას ისევე, როგორც ჩემს მეუღლეს ირაკლი ჯაფარიძეს, რომელიც ციხეში გავიცანი. რაც შეეხება ,,კანონიერ ქურდებთან’‘ ჩემს კავშირებს, ეს თემა უკვე რაღაც გამოგონილია. ,,კანონიერ ქურდებთან’‘ ყველასთან მქონდა ურთიერთობა, როგორც დეპარტამენტის მრჩეველს, ხასაიასა და ბუთბაიას დროს, მათი დავალებით, ახლა აღარ. საბერძნეთში ვიყავი საქორწინო მოგზაურობაში და იქ სპარტაკისთვის არ ჩავსულვარ. არც გამიგია ჩემი მეუღლისგან, შევეკითხები“, -აცხადებს მოროშკინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები