გიორგი ქობულია აბაშისა და სოფელ მაიდნის მოსახლეობას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აბაშის მუნიციპალიტეტის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მასთან ერთად, შეხვედრას დაესწრნენ აბაშის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტარი ოთარ დანელია და აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია.
როგორც “კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების კერძო სექტორის მართვაში გადასვლის პროცედურის გამარტივებაზე, საბანკო დაკრედიტების სიძვირესა და ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. აღინიშნა, რომ აბაშაში, რომლის ეკონომიკაც, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო სექტორზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაუმუშავებელი მიწების კერძო სექტორისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა.
შეხვედრაზე აბაშელმა ფერმერებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან, აბაშის სოფლის მეურნეობის სექტორში მეტი ინვესტიცია განახორციელონ, თუკი მათ სახელმწიფო მიწებს სიმბოლურ ფასად გადასცემს.
„ჩვენთვის, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მიწების ჩართვა ეკონომიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.