მეტროლოგიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართა
სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ მეტროლოგიის საერთაშორისო დღის აღნიშვნას მიეძღვნა ევროკავშირის ეგიდით გამართული გაცნობიერებულობის ამაღლების სემინარი, სადაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროში მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს. ნათია მიქელაძის განცხადებით, ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისთვის მოსამზადებელ პროცესში მიღწეული პროგრესის პრეზენტაცია, ასევე ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროექტის ფარგლებში მიღწეული ხარისხის შედეგების მიმოხილვა. სემინარზე ასევე ისაუბრეს იმ მიღწევებსა და აღიარებაზე, რომლებიც საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტომ ტემპერატურის, ელექტროობისა და მასის გაზომვების მიმართულებით მოიპოვა საერთაშორისო დონეზე. გაცნობიერებულობის ამაღლების სემინარი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყოვლისმომცველი ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის – “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერის” (ENPI/2012/301-051) ფარგლებში ჩატარდა.