აშშ და რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობენ, რომელიც რუსეთის არმიის მიერ მისი ტერიტორიის ოკუპაციას გაამყარებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი თქმით, სწორედ ეს საკითხი იქნება განხილული დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის მომავალ კვირას დაგეგმილ პირად შეხვედრაზე. ვაშინგტონი ამჟამად ცდილობს, რომ კიევმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა ამ ბუნდოვან შეთანხმებას დაუჭირონ მხარი.
კრემლის მმართველი პუტინი მოითხოვს, რომ უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები სრულად გაიყვანოს და ასევე ოკუპირებული ყირიმი დათმოს. სანაცვლოდ, მოსკოვი შეწყვეტს შეტევით მოქმედებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში „ამჟამინდელი ფრონტის ხაზების გასწვრივ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ასეთი განვითარება მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა პუტინისთვის, რომელიც დიდი ხანია ცდილობს შეერთებულ შტატებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას უკრაინისა და მისი პარტნიორების გარეშე. ამასთან, ევროპა შიშობს, რომ სწორედ ის იქნება ის, ვინც ზედამხედველობას გაუწევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, სანამ რუსეთი აღადგენს თავის სამხედრო შესაძლებლობებს.
თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ შესაძლო შეთანხმების პირობები და დეტალები ჯერ არ არის საბოლოოდ დაზუსტებული და შესაძლოა შეიცვალოს. მისი მიზანია ომის აქტიური ფაზის გაყინვა, ზავის შეთანხმებისა და საბოლოო შეთანხმების შესახებ შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებების პირობების შექმნა.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, დათანხმდება თუ არა პუტინი ტრამპთან და ზელენსკისთან სამმხრივ შეხვედრაზე დასწრებას, რომელიც, მედიის ცნობით, მომავალ კვირას არის დაგეგმილი, მაშინაც კი, თუ ის აშშ-ის პრეზიდენტთან შეთანხმების მიღწევას მოახერხებს.
წყაროების ცნობით, ბევრი ოფიციალური პირი სკეპტიკურად უყურებს მის მზადყოფნას და ეჭვი ეპარება, რომ ის ნამდვილად დაინტერესებულია მშვიდობიანი გადაწყვტით, რომელიც მის ამბიციებს არ შეესაბამება.