ზურაბ ჭიაბერაშვილი: მედიკამენტებზე ფასი გაიზარდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასი გაიზარდა. როგორც ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2012 წლის ფასებთან შედარებით, ფასები გაზრდილია ისეთ საბაზო წამლებზე, რომლებსაც მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს. მისივე თქმით, ფასების ზრდის მიზეზი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკაა, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში.
„ბოლო მონაცემებით, ფასების ზრდა დაფიქსირებულია ყველა მიმართულებით. ეს არის: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო პროდუქცია, მათ შორის წამლები და სავადმყოფოებში მომსახურების მიღება. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან ბევრ კომპონენტში საკუთარი ჯიბიდან იხდიან ფულს. ფასების ზრდა პირდაპირ მოქმედებს მათ ოჯახებზე და სოციალურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, “საქსტატის” ბოლო მონაცემები ცხადად აჩვენებს ჯანდაცვის სფეროში ფასების შემდეგ მატებას: – ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – 7,1 პროცენტი, სამედიცინო პროდუქცია (მათ შორის, მედიკამენტები), აპარატურა და მოწყობილობა – 6,8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება – 2,7 პროცენტი. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით კი, მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირებული არ არის. ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის ნაცვლად, რომელიც არის 6% სულ 3% შეადგენს. მიზნობრივი ინფლაციის ეს მაჩვენებელი არასოდეს არ ყოფილა მიღწეული, ანუ 6%-იანი ინფლაცია ჩვენ არ გვქონია“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.