ნათია მეზვრიშვილი: გამოძიებამ უნდა გაარკვიოს – ოპოზიცია ამბობს სიმართლეს თუ დაზარალებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქში გუშინ მომხდარ ინციდენთთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დაშავებულის გამოკითხვა კანონის სრული დაცვით, თარჯიმნის თანდასწრებით სრულად ვიდეოსაშუალებით არის გადაღებული, საზოგადოების ინტერესის შემთხვევაში კი შესაძლებელი იქნება ამ ვიდეომასალის ნახვა.
„გამოძიება დავიწყეთ გუშინ 126-ე მუხლით, ეს გახლავთ ძალადობა. რა ხდება რეალურად ამ საქმესთან დაკავშირებით – ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. დაზარალებული გუშინვე გამოვკითხეთ, რომელიც ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. შემდეგ კიდევ ვრცელდება განსხვავებული განცხადებები, მათ შორის, დაზარალებულის ოჯახის წევრების მხრიდან. ყველას მინდა მოვუწოდო, ვინც საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს, იქნებიან ესენი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, დაზარალებულები, მისი ოჯახის წევრები, უნდა მობრძანდნენ და გამოძიებას უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია. ამგვარი მითქმა-მოთქმები დანაშაულის ჩადენა-არჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიღმა, არის უბრალოდ არასწორი.
რაც შეეხება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაღაც ზეწოლა განხორციელდა, იქ რაღაც მუქარას ჰქონდა ადგილი. სიმართლე გითხრათ, ვიცოდით, რომ ასეთი ამბავი ატყდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი და გამოკითხვის მთელი მიმდინარეობა ვიდეოსაშუალებით არის გადაღებული. საზოგადოებას თუ დააინტერესებს, შეგვიძლია, რომ ეს ვიდეომასალა გავაცნოთ, სადაც ვერ ნახავთ ვერანაირ ზეწოლის და მუქარის ფაქტს, მათ შორის დაზარალებულის განმარტებებიც შეგიძლიათ მოისმინოთ. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება, დაზარალებული ერთს ამბობს, გაერთიანებული ოპოზიცია მეორეს ამბობს. ჩვენ მაინც ვატარებთ დეტალურ საგამოძიებო მოქმედებას, ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებას იმისთვის, რომ დავადგინოთ რომელი ვერსიაა სწორი. თუ დავადგენთ, რომ რომელიმე მათგანი იტყუება, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებაც ისჯება და ცრუ ინფორმაციის მიწოდებაც ისჯება საგამოძიებო ორგანოებისთვის და ალბათ, ამ მიმართულებითაც გამოძიება გააგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა ეჭვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს – ოპოზიცია ამბობს სიმართლეს თუ დაზარალებული ამბობს სიმართლეს. ამიტომ ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება – მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტი, იმიტომ, რომ დაზარალებული ამბობს, რომ მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ჩვენ ამასაც გადავამოწმებთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები