შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკორექტირა პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის ფორმალური კრიტერიუმების მიღმაა

,,მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკორექტირა პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის ფორმალური კრიტერიუმების მიღმაა”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის განმარტებას, რომ „ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში ლგბტ ქორწინების ცნება მიიღონ“.

პაპუაშვილის თქმით, ეს განმარტება ადასტურებს, რომ „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონი ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს შეესაბამება.

„ეს განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს, შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული პრინციპები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, დარჩეს ჩვენი ურთიერთობის საფუძვლად და არ მოხდეს ცალკეული ქვეყნების, პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატიის მიერ მათი თვითნებური ინტერპრეტაცია და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა.
საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და აუცილებელია, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის პრინციპულად დავიცვათ ჩვენი ხალხის უფლებები“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები