პრემიერი ლარის კურსზე – “უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, შესაძლოა, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო”

0

“ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორიდან გამომდინარე კურსის ცვლილება. ეს ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, რომ ქვეყანაში გვაქვს დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე. დავიწყეთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და იცით, რომ ლარიზაცია გაზრდილია 10 %-ზე მეტით, თუმცა ეს არ არის საკმარისი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ეკონომიკაში ლარიზაციის მაღალი დონე იყოს.
“ჩვენთვის აუცილებელია, რომ ჩვენს ეკონომიკაში იყოს ლარიზაციის მაღალი დონე და შესაბამისად, მოწყვლადობა და ის რისკები, რომლებიც მომდინარეობს დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაბალანსებული. ამ კუთხით, ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ აგრესიულ ნაბიჯს გადავდგამთ”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, მთავარი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი – ინფლაცია და დედოლარიზაციის სტრატეგია.
„ჩვენთვის მთავარი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი – ეს გახლავთ პირველ რიგში ინფლაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი ჩვენთვის, რომ ჩვენ ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებაში ვიყოთ წარმატებულნი. იცით, რომ ამ თვალსაზრისით როგორც ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ისე ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული. ყველაფერი იმ ჩარჩოებშია, რომელიც შეთანხმებულია და მეორე გახლავთ ჩვენი დედოლარიზაციის სტრატეგია, ანუ ლარიზაციის ზრდა ეკონომიკაში”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განმარტება საკმაოდ შინაარსიანია და ის ობიექტურ რეალობას ეყრდნობა.
„არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის იმისთვის ეკონომიკაში რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას, შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, შესაძლოა, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო”,- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტის მიერ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურმა, აგრეთვე, ყურადღება იმ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და პოზიციებზე გაამახვილა, რომლებიც პროცესს აკვირდებიან.
„ვფიქრობთ, რომ მათ განმარტებებში იქნება ძალიან ბევრი ობიექტური ინფორმაცია, თუ რეალურად რას უკავშირდება ეს ყველაფერი”,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი