“ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრასთან”

“ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევითიმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
„სწორედ ამ ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია. პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც აქვს საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაში, სადაც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას ჰქონდა საშუალება, წარედგინა თავისი პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ექსპორტი და შემცირდეს არსებული მძიმე სავაჭრო დეფიციტი.
„ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც გვაქვს ჩინეთთან და ამავე დროს ის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმპორტის ზრდას ჩინეთში, არის უნიკალური ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან. ჩვენ გვჭირდება მეტი ექსპორტი, ჩვენ გვჭირდება მეტი წარმოება, მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც საბოლოო ჯამში, დაგვეხმარება იმაში, რომ გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. ვფიქრობ, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში ის კონკრეტული გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს საექსპორტო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით, მოგვცემს საშუალებას, ამ მიმართულებაში მივაღწიოთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები