ციხელაშვილი: პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს, პერსპექტივა არ ექნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ატოცში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მავთულხლართების მონტაჟი მიმდინარეობს, რუსეთის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას პერსპექტივა არ ექნება. მისივე თქმით, ხელისუფლება ამას არ შეეგუება და მშვიდობიან ბრძოლას გააგრძელებს.
„პირველ რიგში, გეტყვით, რომ რაც აქედან 50 მეტრში ხდება, ეს არის სამარცხვინო, აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს, არ ექნება არანაირი პერსპექტივა. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მინდა, ამ ადგილიდან ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით, ჩვენ არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ამ სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
მე დღეს, აქ ყოფნით, მინდა ატოცის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. დღეს ფიზიკურად ვარ მათთან და ასე გამოვხატავ მხარდაჭერას, ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება ამ ხალხის ინტერესებს. ასევე, იმ ხალხის ინტერესებს, ვინც დაზარალებულია ამ მავთულხლართების პოლიტიკით დღეს. ფაქტობრივად, დაცარიელებული ცხინვალის რეგიონის იზოლაციას აკეთებენ და იქ დარჩენილებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნიან. რუსი სამხედროების მიერ ამ არარსებული საზღვრის გადაკვეთისას დაკავებული ადამიანების თითქმის 90% არიან სწორედ ისინი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და გადაადგილება სჭირდებათ. ეს არის ყველასთვის მიუღებელი და გაუსაძლისი მდგომარეობა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ატოცისა და სხვა სოფლებისთვის სპეციალურმა კომისიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მათ გამოზამთრებაში დაეხმარონ. მისივე თქმით, სტუდენტებიც მიიღებენ დაფინანსებას.
„არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ატოცსა და სხვა სოფლებს გამოზამთრებაში დავეხმაროთ. კერძოდ, დავეხმაროთ 200-ლარიანი ვაუჩერებით, ყველა სტუდენტი დავაფინანსოთ, მათი რიცხვი 4 წლის განმავლობაში, 471-დან 1200-მდე გაიზარდა. კიდევ მეტი ვიქნებით და არ დატოვებს ეს მოსახლეობა ამ სოფლებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები