საქართველოს პარლამენტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აშშ-ის სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პარლამენტის თბილისის სასახლეში საქართველოს პარლამენტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აშშ-ის სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სხვადასხვა ერთობლივი პროექტის და ინიციატივის განხორციელებას ითვალისწინებს, რაც განათლების სისტემის გაძლიერებასა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, ჰალილ გუვენიმ მოაწერეს.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სან დიეგოს უნივერსიტეტმა, განათლების ხარისხის კუთხით, უმაღლეს სასწავლებლებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პარლამენტი, როგორც ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ორგანო, შესაძლებლობას იძლევა, რომ მის აპარატში პრაქტიკის და სტაჟირების გავლა მოხდეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სან დიეგოს უნივერსიტეტს ამთავრებენ ან დამამთავრებელ კურსზე იმყოფებიან. პარალელურად, ჩვენი მოლოდია, რომ ახალგაზრდების ჩართულობით სხვადასხვა პროგრამების დამუშავება მოხდება. აღსანიშნავია, რომ პირველად ეტაპზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ სტუდენტების პრაქტიკა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მოხდეს და მათი მონაწილეობით, პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა ელექტრონული პროგრამები შემუშავდეს და დაინერგოს, რაც თავის მხრივ, პარლამენტში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ ხელმოწერის ცერემონიის დასასრულს.
საქართველოს პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმს ხელისმომწერი მხარეები მიესალმნენ.
მაგდა მაღრაძის განცხადებით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა და იგი მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკის და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ეძლევათ.
„იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა, რამდენიმე მიმართულებით, წარმატებული იქნება“, – აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.
„მოხარულები ვართ, რომ დღეს პარლამენტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების სტაჟირებაზე და მათ დასაქმებაზე უნივერსიტეტი პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას შეძლებს. ვფიქრობთ, რომ კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის კუთხით, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ცოდნას პარლამენტის აპარატი გამოიყენებს“, – განაცხადა ჰალილ გუვენიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები