„პესიმიზმთან არ ვმეგობრობ“ – როგორ აქცია მარი თაბაგარმა ჰობი ძირითად საქმიანობად

იმერეთში, თაბაგრებში გაატარა ბავშვობის ულამაზესი წლები. ხელმარჯვე ბებიებისა და ულამაზესი გარემოს წყალობით ხელოვნებისადმი ინტერესი გაუჩნდა.
მოგვიანებით ამას ლიტერატურის დიდი სიყვარული დაერთო და ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.  შემდეგ  იყო ოჯახი, შვილი, ამ პერიოდში ჰობი აქცია ძირითად საქმიანობად. თექისგან ამზადებს აქსესუარებს, კერავს, ხატავს ლექსებს და  პროზაულ ნაწარმოებებს წერს.
ამბობს, რომ, როგორც დედას, განსაკუთრებით აწუხებს მოზარდებში გაჩენილი აგრესიული ფონი და დროზე უნდა მიხედოს ოჯახმა, სკოლამ. – მარი თაბაგარის პერსონა.

–  ჩემი მშობლიური მხარე იმერეთია. დავიბადე და ბავშვობის ულამაზესი წლები გავატარე ჭიათურის სოფელ თაბაგრებში. მუდმივი მონატრებაც ბავშვობას და სწორედ იმ წლებს უკავშირდება.
უკეთილშობილესი, თბილი, მოსიყვარულე, შრომისმოყვარე მშობლების მზრუნველობამ, შვილების აღზრდისადმი განსაკუთრებულმა მიდგომამ თავისი შედეგი გამოიღო. მყავს ორი და და ერთი ძმა, რომლებიც მშობლებთან (მამა გარდაცვლილია) ერთად მეამაყებიან.
შემოქმედად ჩამოყალიბებაში ალბათ გენეტიკამაც და ულამაზესმა გარემომაც მოახდინა გავლენა. ბებიები განსაკუთრებული ხელმარჯვეობით გამოირჩეოდნენ: ხატვა, ქარგვა, ხალიჩების ქსოვა, მაქმანების დამზადება და სხვა ამგვარ ხელსაქმეებს დიდი რუდუნებით ეკიდებოდნენ. ანალოგიურად ხელმარჯვე იყო (და არის) დედაც.
რაც შეეხება გარემოს, სოფელ თაბაგრებს გარშემო კლდეები აკრავს. შორს, სივრციდან ულამაზესი მთები გადმოსცქერის, მეზობელი სოფლებიდან კი – ხასხასა ტყეები. გვაქვს გრილი და ლამაზი ჭალა პატარა ჩანჩქერით და კლდიდან გადმომდინარე რამდენიმე წყაროთი.
მადლობელი ვარ უფლის, რომ ულამაზესი კუთხისა და სიკეთით სავსე მშობლების შვილად გამაჩინა. ერთ-ერთ ლექსში ვამბობ კიდეც:

მე ამ ქალაქში ბავშვობა დამრჩა,
სტუმრად მოსული თავს ვგრძნობ ზღაპრულად,
პეშვით ვაგროვებ სიზმრებში წარსულს
და ისე მათბობს, მსგავსი არ თქმულა…

მთა, კლდე თუ მდელო ყველა აქ არის,
მეც კლდის შვილი ვარ, თვით კლდე ვარ სალი.
ღმერთმა ინება, აქ დავიბადე
კლდეზე ამაყი, მზისგულა ქალი.

სკოლის პერიოდი
– სკოლის საწყის ეტაპზე აქტიურად ვთანამშრომლობდი ადგილობრივ გაზეთებთან, ვრედაქტორობდი სკოლის კედლის გაზეთს, ვიყავი „ნორჩი ლენინელის“ ნორჩი კორესპონდენტი. აქტიურად ვმონაწილეობდი სკოლის ყველა ღონისძიებაში. საგნობრივ ტურებში (ახლა რომ ოლიმპიადა ჰქვია). მასწავლიდა პროფესიონალ პედაგოგთა მთელი გუნდი: დარეჯან ჭანკვეტაძე, ზინა ხვედელიძე, ჯამბულ ბანძელაძე და კიდევ უამრავი, რომელთა ამაგის  დავიწყება არ შეიძლება.
ადამიანს ლამაზად მოსაგონარი უმეტესად სკოლის წლებიდან გრჩება. ახლა ცოტაოდენი ხალისისთვის გავიხსენებ ერთ კურიოზს, რომელიც ჩემს დღიურებს შემორჩა:
23 თებერვალს დიდი ზარ-ზეიმით საბჭოთა არმიის დღეს აღნიშნავდნენ. არმია კი ძალასთან და, შესაბამისად, ძლიერ სქესთან ასოცირდებოდა და მამაკაცების დღედ მოიაზრებოდა. მომავალში ეს დღეც საბჭოეთის გზას გაუყვა. თუმცა დაგვიტოვა სკოლის წლების ლამაზი მოგონებები. 23 თებერვლისთვის გოგონები ყოველთვის ვფუსფუსებდით, რომ თანაკლასელი ბიჭები უსაჩუქროდ არ დაგვეტოვებინა. ისინიც ამაყები იყვნენ და ვალშიც არ გვრჩებოდნენ. 8 მარტს საჩუქრებით გვახარებდნენ.
9-10 წლისანი ვიყავით. სუვენირები ვიყიდეთ ყველა თანაკლასელი ბიჭისთვის განურჩევლად ერთნაირი და 23 თებერვალს დიდი ოვაციით გადავეცით ჩვენს „საამაყო მამაკაცებს“. გაუხარდათ, შეიფერეს და სარვამარტო სამზადისს შეუდგნენ.
8 მარტი დასვენების დღე იყო. 9 მარტს სკოლაში მისულ გოგონებს ინტერესი გვკლავდა, რა შეიძლებოდა შეერჩიათ ჩვენთვის ბიჭებს. იმ დროს ხელმისაწვდომი (ფასით) და ,,ძალიან პოპულარული“ იყო სუნამო „елена”. ვფიქრობდით, საჩუქრადაც ეს ჩამოგვირიგდებოდა. თუმცა ფიქრებმაც ისევე გაგვაწბილეს, როგორც საჩუქრებმა…
ბიჭების გემოვნებაში სუნამო „ვერ ჩაჯდა“. სამაგიეროდ, პატარა სათამაშო მანქანებით ისე მოიხიბლნენ, ყველა გოგონასთვის შეიძინეს. რაც მეტად შეჰყურებდნენ სასაჩუქრედ გამზადებულ მანქანებს, მით მეტად იხიბლებოდნენ და საბოლოოდ ვეღარც გაიმეტეს. კლასში გოგონები და ბიჭები თანაბრად ვიყავით და თავიანთთვის ჩამორიგებაც არ გაუჭირდათ. ასე დარჩნენ ბიჭები სარვამარტოდ მილოცვილ-დალოცვილ-გახარებულები, გოგონები კი – ორმაგად გაწბილებულები…
შეცდომა შემდეგ წელს გამოასწორეს.
…ახლაც არ ვიცი, რომელმა დათმო მაშინ თავისი მანქანა, ან მე რად მინდოდა, მაგრამ საჩუქარი მხოლოდ ჩემთვის გამოიმეტეს. სავარაუდოდ, ეს იყო ქრთამი, რომ შემდგომში თამამად ეთქვათ, დავალება გადაგვაწერინეო…
საბჭოურ რეჟიმზე ავლაპარაკდი და აქვე აღვნიშნავ, მოზარდობის, გარდატეხის ყველაზე დაუდგრომელი ასაკი ეროვნული მოძრაობის გაღვივების წლებს დაემთხვა. რაიონში რამდენადაც შეიძლებოდა, მაქსიმალურად ვიყავი ჩართული მიმდინარე მოვლენებში. დიდი ლიტერატურული დატვირთვით არ გამოირჩევა, მაგრამ იმ პერიოდის ჩემს შემოქმედებასა და დღიურებს რომ თვალს გადავავლებ, პატარა სიამაყის ვარსკვლავი იწყებს ციმციმს.
– პროფესიით ფილოლოგი ხართ...
– ყველა საგანს განურჩევლად კარგად ვსწავლობდი. ალგებრა-გეომეტრიის პედაგოგი ფიქრობდა, რომ მის კვალს გავყვებოდი. ისტორიის პედაგოგიც ამავეს ამბობდა. ხელოვნების პედაგოგი კი თავის სფეროში მხედავდა. საბოლოოდ მაინც ლიტერატურის დიდმა სიყვარულმა გადამადგმევინა ფილოლოგობისკენ ნაბიჯი. მხოლოდ ჟურნალისტიკასა და ფილოლოგიას შორის დამჭირდა არჩევანზე ბევრი ფიქრი.
ღიმილისმომგვრელი ისაა, რომ ფილოლოგმა ჯერ კიდევ სტუდენტობიდან დავიწყე მუშაობა „ქალთა გაზეთის“ კორესპონდენტად, ცოტა მოგვიანებით კი – პირველი არხის შოუ-პროგრამა „ჩემი მშვენიერი ლედის“ სცენარისტად. მაინც ვთვლი, რომ სწორი არჩევანი  გავაკეთე. ვნანობ მხოლოდ, რომ არ გავიარე მეორადი ფაკულტეტი ხელოვნების დარგში.
სტუდენტობის წლები…
– სტუდენტობის წლები ქვეყნის ეკონომიური კრიზისის პერიოდს დაემთხვა. გაუფასურებული კუპონი, ტალონებზე დარიგებული პური და კარაქი, უშუქობა, სტუდენტებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ტრანსპორტის მეტროსა და ტროლეიბუსის მუშაობის ხშირი შეფერხება და პურის რიგში კოცონთან გათენებული ღამეების შემდეგ წიგნის კითხვა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ტკბილად მახსენდება და მუდამ მენატრებიან ის ადამიანები, ვის გვერდითაც ეს ლამაზი წლები გავატარე – მეგობრები, კურსელები.
ჟურნალისტადაც მუშაობდითროგორ გაიხსენებთ ამ წლებს?
– ეტაპობრივად ყოველი პერიოდი მავსებდა, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და განათლებას მძენდა. ჟურნალისტობის პერიოდი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იყო. საინტერესო რესპონდენტებთან ურთიერთობა და სხვადასხვა თემაზე მუშაობა ღრმად მახედებდა ყველა სფეროში. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მე არ ვიყავი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გარედან მაყურებლის პოზიციაში, უშუალოდ ვეცნობოდი და ვაშუქებდი სიახლეებს, თითქმის ვმონაწილეობდი. ცხოვრების საწყის ეტაპზე კი ეს  ტრამპლინი იყო განვითარების კუთხით.
საბავშვო ბაღში ხელოვნებას ასწავლით, აქსესუარებს და სასცენო კოსტიუმებს უმზადებთ საბავშვო თეატრებს
– შემდეგ იყო ოჯახი, შვილი, რომელსაც ცხრა წელი ველოდებოდი და რომლის დაბადებამაც ყველაზე თბილი და დიდი, რაც კი არსებობს ქალში – დედობის გრძნობა გამიღვიძა. ვერ დავუშვებდი, ის ძიძას ან ვინმეს გაეზარდა. ამ პერიოდში ჰობი ვაქციე ძირითად საქმიანობად. მანამდე მხოლოდ სახალისოდ გაკეთებული თექის აქსესუარები, სასცენო კოსტიუმები უფრო მეტად დავხვეწე და შემოსავლის წყაროდ ვაქციე.
მოგვიანებით  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დავიწყე პედაგოგად მუშაობა. იქვე დეკორატორ-დიზაინერის ფუნქციაც შევითავსე და რამდენიმე საბავშვო თეატრთან სასცენო კოსტიუმების დიზაინის კუთხით თანამშრომლობაც ავიღე საკუთარ თავზე.  რამდენიმე სკოლასა და ბაღში, მოგვიანებით საბავშვო თეატრშიც ჩემი სცენარით დაიდგა სპექტაკლები და ღონისძიებები.
თექისგან ამზადებთ აქსესუარებს, კერავთ, ხატავთ რომელ ნამუშევარს გამოყოფდით?
– ვერასოდეს ვასახელებ საყვარელ ერთ პოეტს, ერთ მწერალს, ერთ ლექსს. ვერც ჩემი შემოქმედებიდან გამოვყოფ რომელიმეს განსაკუთრებით. ნამუშევრებიც ასეა, ყოველი ახალი აღაფრთოვანებს ხოლმე მეგობრებს და ეს მსიამოვნებს.
როგორც ყველა შემოქმედს, ასევე მსიამოვნებს მეც ლექსის, ჩანახატისა თუ მოთხრობის მკითხველისგან დადებითი შეფასება. კომპეტენტური ადამიანებისგან მიყვარს კრიტიკის მოსმენაც (თუმცა ეს თითქმის არ ხდება. ერიდებიან ალბათ).
ლექსებს და ნოველებს წერთ
– ლექსებს წერაზე ადრე, ოთხი წლიდან ზეპირად გამოვთქვამდი და უფროსი და იწერდა. პირველი ლექსი, რაც ჩემი ხელწერით შემომრჩა, შვიდი წლისამ დავწერე და გაზაფხულს ეხება. ბუნების გამოღვიძება ის დროა, რომელსაც ჩემთან ყოველთვის დიდი ემოცია მოაქვს. შემდგომი წლების ლექსები თემატურად მრავალფეროვანია. სკოლის პერიოდის შემოქმედებაში პატრიოტიზმის თემა მეტად ჭარბობს.
ჩემი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა „მზის არილის“ სამ ტომში, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში”, ჟურნალ „ოლეში”, „ახალ ჟურნალში”, პროზა კი „ყვითელი აივნის დღიურებში”.
წერისას თემას არასოდეს ვზღუდავ, თუმცა ალბათ მოჭარბებულია ჩემში დედობრივი გრძნობა და უმეტეს ლექსშიც ეს პათოსი ჩანს. არ მაქვს კრებული და ხშირად აღვნიშნავ, ალბათ ისე გავფრინდები ამ ქვეყნიდან, ვერც ვეღირსები-მეთქი. თუმცა, ზოგადად, პესიმიზმთან არ ვმეგობრობ და ამით ხასიათს არ ვიცვლი. ვნახოთ, ცხოვრება ხომ სიურპრიზებით არის სავსე.
ყველაზე მეტად რომელი პრობლემა გაწუხებთ?
– პროფესიული თვალსაზრისითაც და, როგორც დედას, განსაკუთრებით მაწუხებს მოზარდებში გაჩენილი აგრესიული ფონი. ამ მოკლე წარსულში რამდენიმე საშინელი და სავალალო ფაქტის მოწმენიც გავხდით.
ესაა ურთულესი პრობლემა, რომელიც, თუ დღეს არ მივხედეთ და ვუმკურნალეთ, სახადივით მოედება მომავალ თაობას. ამისთვის რამე ფორმულის ძებნა ზედმეტია. მოზარდის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოდარაჯე უპირველესად მშობელია. სკოლა და პედაგოგი მხოლოდ დამხმარე და ხელისშემწყობია აღზრდის საკითხში. ილია ამბობდა, თუ წყალი სათავეში აიმღვრა, ბოლომდე მღვრიე ივლისო.
სათავეც და სადავეც მშობლის ხელშია. წყლის ამღვრევა კი ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. ამიტომ მუდმივი ყურადღება მშობლის ვალდებულებაა. ამ თემას ჩემივე ლექსით განვავრცობ და თქვენი პორტალის  საშუალებით მივმართავ დედებს:

 

ბოროტს სიყვარულით ვედავოთ
(დედებს)

იყავი ფხიზელი, დედაო,
შენ შვილი გაჩუქა განგებამ.
არასდროს არავის ედავო,
თუ იმის არ უნდა გაგება,

რომ გულით ატარებ იმ ნდობას,
დედობა რომ ჰქვია სახელად.
(არასდროს ითხოვო შენდობა,
შვილს თუ გადააქცევ სასჯელად)…

არც ნანა დააკლო, იცოდე,
უმღერე იოგის წყვეტამდე,
იფხიზლე, იზრუნე, იბრძოლე
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე,

რომ ვაჟს კარგ კაცობით ეხაროს,
ქალს არ შეერცხვინოს მანდილი
და მერე შვილები ეზარდოს
მამულიშვილები ნამდვილი.

ნუ დაგავიწყდება, უამბო
ჯავახეთს შემოსულ ნინოზე,
პეტრემ თუ იესო უარყო,
შენ შვილი ნათელჰყვე მირონზე.

უამბე დავითის გმირობა,
ასტუმრე დიდგორს და ბასიანს,
თამარის დიდ გვარიშვილობას,
პორფირი ტყუილად არ სცმია,-

დემეტრეს განწირულ სიცოცხლეს,
გიორგის ბრწყინვალე გონებას,
თვითონ რომ დაშვრნენ და რომ ცხონდნენ
და ჩვენ არ გაგვყიდეს მონებად…

უთხარი, თევდორე რატომ სდუმს,
თაფლადაც დაუტკბი დადიანს.
იცოდნენ, რომ მათი სისხლი დუღს
ჩვენთან და სულით აქ დადიან.

და რომ ერთგულება ძალაა,
მოძმის სიყვარული ღმერთია,
ლამაზად მორთული სხვაცაა,
სამშობლო კი ერთადერთია.         

შვილები ერისთვის განძია,
დედისთვის სიცოცხლის სათავე;
ცხოვრება ძალიან მკაცრია,
ვის ალხენს, ვის კიდევ აწამებს.

ფრთები რომ გაშალო დედობით
და შეკრა ზეცაში კამარა,
„ანის” და „ბანის” ნუ ენდობი,
ცარიელ ფურცლების ამარა.

უკითხე ილია და ვაჟა,
მარტო ეს ეყოფა სულს საზრდოდ;
ვინც დედამ მათ ჰანგზე გაზარდა,
მოძმეს არ დაარტყამს არასდროს.

თანაც ეყვარება ფაქიზად
ერიც, ბერიცა და შვილებიც…
ამას გევედრები, ნუ იზავ,
არ ზარდო ბერბიჭაშვილები…

ბოროტს სიყვარულით ვედავოთ,
ცა რომ ჩამოგვიღვრის მზის ფერებს.
მე მკვლელს არ გამოვზრდი, დედაო,
შენც გაუფრთხილდი ჩემს ნაფერებს!

რას შეცვლიდით  თქვენ ირგვლივ?
– რას შევცვლიდი? რაიმეს შეცვლას თუ მოვისურვებ, მხოლოდ 20 წლის წინანდელ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს ჩავუღრმავდებოდი, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია?!. ამიტომ უფლის ნაბოძებს სიყვარულით ვიღებ. მან ყველაზე უმთავრესი, შვილი მაჩუქა და არ შეიძლება, დღეს რამეზე ცოტა მაინც დავიწუწუნო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გრძელვადიანს ვერასოდეს ვსახავ. ამ ეტაპზე კი საკუთარი საქმით, შემოქმედებით და შვილის აღზრდა-განათლებით ვარ დაკავებული.
მინდა თქვენს საინტერესო და ინფორმაციულად დახუნძლულ პორტალს წარმატება ვუსურვო და დიდი მადლობა ვუთხრა ჩემი შემოქმედებისადმი ყურადღებისთვის.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები