პრემიერის გადაწყვეტილებით, „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც გაეროს არტკოლექციაში დაიდებს ბინას, ერთი დღით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი”, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ვიდრე ნიუ-იორკში, გაეროს არტკოლექციაში დაიდებს ბინას, 9 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.
„ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-18 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა. როგორც “კვირას” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი მომზადდა ხელოვნების განვითარების ფონდის – IMT-ის მიერ. იდეის ავტორია ია ხურციძე. ორიგინალური მხატვრობა ეკუთვნის სოფიო კინწურაშვილს და თამაზ ვარვარიძეს. კალიგრაფები არიან: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი.
ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯი ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა: სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დათრთვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდენის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი… ნამუშევარში გამოყენებულია მეტეორიტის ქვებიც.
დღეს გუჯი ამაშუკელს მსოფლიოში მხოლოდ სახელითაც იცნობენ – Goudji მსოფლიო სახელოვნებო წრეებში აღიარებული ბრენდია. მის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება. გუჯი ამაშუკელის ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. ხელოვანის ნამუშევრები დაცულია ვატიკანის მუზეუმში, ლუვრის მუზეუმში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის თომას დობრეს მუზეუმში, მანდეტის მუზეუმში და ა.შ.
უახლოეს ხანში, „ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის გაეროს არტკოლექციაში განთავსდება.