ზესტაფონს ესტონეთის დელეგაცია ეწვია
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ესტონეთის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციას ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი ხელმძღვანელობდა. ესტონელ სტუმრებს შორის, რომლებმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის პრაქტიკული სემინარი გამართეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორი იან რეინჰოლდი, ვილნიდისა და ვილჯანდის მუნიციპალიტეტის მერები, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მეწარმეები იყვნენ.
სემინარი ევროპული ინტეგრაციის თემას მიეძღვნა და ესტონეთის ელჩისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის კახაბერ მახათაძის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორმა და დელეგაციის სხვა წევრებმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის მეორე ნაწილი კი თემატურ სემინარებს დაეთმო, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს, განათლებას, მეწარმეობას და მედიის თემას მიეძღვნა.
„ჩვენი ქვეყნის მომავალი სასიცოცხლოდ არის დაკავშირებული ევროპასთან. მოგეხსენებათ, ესტონეთს დიდი გამოცდილება აქვს ევროპულ ოჯახში თანაცხოვრებისა და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია მათი ხედვა ევროპისკენ გასავლელ გზაზე. დღევანდელი შეხვედრა მასშტაბური და მეტად ნაყოფიერი იყო, რადგან ესტონელმა სტუმრებმა თავიანთი გამოცდილება ჩვენთან ერთად მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც გაუზიარეს“,- განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
სემინარს თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.