გიორგი ჩაკვეტაძე: არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ჩვენი მხარდამჭერები ხელოვნურად, მათი ნების გარეშე დაარეგისტრირეს სხვადასხვა საოლქო კომისიაში
“ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ პარტიის მხარდამჭერები ხელოვნურად, მათი ნების გარეშე დაარეგისტრირეს სხვადასხვა საოლქო კომისიაში.
მისი თქმით, ეს არის კონკრეტული ფაქტი, თუ როგორ ჰქონდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ საარჩევნო პროცესზე გავლენის მცდელობა.
„არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, რომ ჩვენი მხარდამჭერები ხელოვნურად, მათი ნების გარეშე დაარეგისტრირეს სხვადასხვა საოლქო კომისიაში, როგორც „ნაცმოძრაობის“ და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ეს ინფორმაცია ამ ადამიანებმა საერთოდ არ იცოდნენ და მეტიც, ხმაც კი ვერ მისცეს იმ უბანზე, სადაც არიან ჩაწერილები. ეს არის კონკრეტული ფაქტი, თუ როგორ ჰქონდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ საარჩევნო პროცესზე გავლენის მცდელობა, რაც, რა თქმა უნდა, კრახით დასრულდა 26 ოქტომბერს და ის გეგმები, რომლებიც რეალურად ვერ გაგვაცნეს, იმიტომ რომ ასეთი გეგმა უბრალოდ არ არსებობს, არის განწირული კრახისთვის“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.