“ელექტროენერგიის ხშირი წყვეტები, გაზის სექტორში აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავები, წყალმომარაგებაში არასტაბილური მიწოდება, წნევის ცვალებადობა” – რა პრობლემებს აფიქსირებენ მომხმარებლები ენერგოომბუდსმენის აპარატში

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სფეროში ენერგოომბუდსმენის აპარატში მომართვიანობა წლიდან წლამდე აქტიურია.

გულეიშვილმა მედიაჰოლდინგკვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რა საკითხებს ეხება მომხმარებელთა განაცხადები.

“ჩვენი სამსახური ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების მომხმარებელთა უფლებებს და ინტერესებს იცავს. შესაბამისად, სამივე სფეროში მომართვიანობა წლიდან წლამდე აქტიური გვაქვს. სამივე მიმართულებას სხვადასხვა ტიპის პრობლემა აქვს. თუ ელექტროენერგიის სექტორში ყველაზე მეტი მომართვიანობა ხშირ წყვეტებთან , უხარისხო მიწოდებასთან, ამ კუთხით წარმოშობილ პრობლემებთან დაკავშირებით გვიფიქსირდება, ბუნებრივი გაზის სექტორში ცოტა სხვაგვარად გვაქვს საქმე. აქ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავები უფრო მეტი გვაქვს. მაგალითად, მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრობლემები, რომ ჩვენების აღება დროულად არ ხდება, აღრიცხვის კვანძი დაზიანდა, სეზონურობიდან გამომდინარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებია, ასევე ზედმეტად დარიცხული გადასახადები. წყალმომარაგების სექტორში არსებულ პრობლემებს რაც შეეხება: აქაც ასევე აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავები, შეიძლება, გამოვხატო, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენების აღებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც განსაკუთრებით GWP-ს აქვს. წყალმომარაგება ასევე არ ჩამოუვარდება ელექტროენერგიის სექტორს, სწორედ მოუწესრიგებელ მიწოდებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეს ზაფხულის სეზონს ეხება. თუმცა, მომართვიანობა ზამთრის პერიოდშიც ძალიან ბევრი გვაქვს, ესაა მიწოდების წყვეტებთან დაკავშირებით, არასტაბილური მიწოდება, ასევე ხშირია წნევის ცვალებადობა, რაც პრობლემებს განსაკუთრებით მაღალსართულიან კორპუსებში იწვევს.
ჩვენ გვაქვს მომართვიანობის რამდენიმე ტიპის შესაძლებლობა: სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენთან შეიძლება, შეკითხვა დასვან, კონსულტაცია მიიღონ და ამის საფუძველზე წარმოებაც დავიწყოთ. ასევე ტელეფონის საშუალებით მიღებული შეტყობინებები გვაქვს. ჩვენი ნომერია 2 – 42 -01 -80 . შემოსული ზარის საშუალებით ოქმებს ვადგენთ, სადაც მომხმარებლის პრობლემას ვაფიქსირებთ და წარმოებას ვიწყებთ. ასევე ჩვენი ინიციატივით, როდესაც ვხვდებით, რომ რომელიმე რეგიონიდან , უბნიდან შემოსული პრობლემა ცოტა მასშტაბურია, ადგილზე მივდივართ და სიტუაციას ვსწავლობთ”- განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები