“ბოლო პერიოდში ენერგოომბუდსმენის აპარატში ელექტროენერგიის წყვეტასთან დაკავშირებით თბილისიდან შესული განაცხადების რაოდენობა გაიზარდა, “თელასთან” შეხვედრას დავგეგმავთ” – ნინო გულეიშვილი

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ენერგოომბუდსმენის აპარატში ელექტროენერგიის წყვეტასთან დაკავშირებით თბილისიდან შესული განაცხადების რაოდენობა გაიზარდა.

როგორც ნინო გულეიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით “თელასთან” შეხვედრას გეგმავენ.
მისი თქმით, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება, აბონენტების რაოდენობის გაზრდა ფიქსირდება, რის გამოც სატრანსფორმატორო ჯიხურები, ქვესადგურები, ქსელი დატვირთავს, ვერ უძლებს და მასშტაბურ ცვლილებებს საჭიროებს.

“ავარიებთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრი პრობლემა გვიფიქსირდება. წყვეტის 2 ტიპი არსებობს: პირველი – როდესაც კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, ეს არის წინასწარ დაგეგმილი სამუშაო, რომლის შესახებაც მომხმარებლებს შეტყობინებები რამდენიმე დღით ადრე ეგზავნებათ და ისინი ინფორმირებულები არიან. მეორე – ავარია, რაც იმას გულისხმობს, რომ კომპანიის მიერ მოწყობილი ქსელი, ან სატრანსფორმატორო ჯიხური, ან მისი მოწყობილობა ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, რაც ხშირ შემთხვევაში ელექტროენერგიის წყვეტას, არასტაბილურ მიწოდებას, ძაბვის ცვალებადობას იწვევს. ეს მომხმარებლებს, ბიზნესსექტორს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. ჩვენთან შემოსული განაცხადებით ხშირად სწორედ ამასაც აფიქსირებენ. მაგალითად, რომელიმე კონკრეტული საცხობი აფიქსირებს, რომ დღის მანძილზე უცაბედად შეწყვეტილმა ელექტროენერგიამ, შესაძლოა, მათ მთელი დღის გეგმები აურიოს. ამ საკითხთან დაკავშირებით სისტემური სწავლა დავიწყეთ. ეს რეგიონებიდან დავიწყეთ, რადგან იქ ძალიან რთული ვითარება იყო, ადგილზე ვნახეთ ქსელის მდგომარეობა, ის, თუ რა იწვევს ამას. რეალურად, ამას იწვევს ის, რომ არასტაბილური მიწოდება ქსელის ავარიული მდგომარეობითაა გამოწვეული. კომპანიებს აქვთ ვალდებულებები, ქსელი, სატრანსფორმატორო ჯიხურები იმ მდგომარეობაში იქონიონ, რომ მომხმარებელს ასეთი დისკომფორტი არ შეუქმნან.
რაც შეეხება იმას, თუ რატომაა ეს [ელექტროენერგიის წყვეტა] ბოლო პერიოდში განსაკუთრებით.
მე ხშირად აღვნიშნავ, რომ მომართვიანობის შესწავლიდან გამომდინარე, ჩვენ ერთ რამეს მივხვდით: ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება, საქართველოს მასშტაბით აბონენტების რაოდენობის გაზრდა ფიქსირდება, ამიტომაც სატრანსფორმატორო ჯიხურები, ან ქვესადგურები, ქსელი ვერ უძლებს ასეთ დატვირთავს, ამიტომაც მასშტაბურ ცვლილებებს საჭიროებენ. თბილისიდან შემოსული განაცხადების რაოდენობა ბოლო პერიოდში უკვე გაიზარდა. ამიტომაც, ჩვენ “თელასთან” შეხვედრას დავგეგმავთ, სადაც კონკრეტულად ვნახავთ, რა ტიპის პრობლემებია, ამასთან დაკავშირებით ჩვენც ანალიზს გავაკეთებთ. ალბათ, დავიგეგმებით ისე, რომ აღნიშნული წყვეტების მინიმუმამდე დაყვანა მოხდეს.
ვერ ვიტყვი, რომ წყვეტები მასშტაბურად გაზრდილია, წინა წლის სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობისა, თუმცა, ბოლო თვეში ნამდვილად ზრდის ტენდენციაა თბილისში, არა რეგიონებში. რეგიონებში ძალიან დიდი მომართვიანობა ზაფხულის პერიოდში გვქონდა. ბევრად მეტი იყო, ვიდრე, ვთქვათ, წინა პერიოდში. თბილისში ახლა უფრო დაიწყო. მაგალითად, ბოლო რამდენიმე კვირაა, ეს უკვე ჩვენთან შემოსული ზარებითაც ფიქსირდება. ამიტომაც გითხარით, “თელასთან” შეხვედრას გავმართავთ, სადაც ამ ტიპის პრობლემებზე ვისაუბრებთ”- განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები