„ილია ბოსტოღანაშვილის სასახლის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის რეგიონისთვის“

თბილისში დაიბადა. დაამთავრა ილია მართლის სახელობის თბილისის გიმნაზია და რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლა, ფოტრეპიანოს განხრით. 2005 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე.
2012 წლიდან აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 2015 წელს მიენიჭა არქიტექტორ-რესტავრატორის ბაკალავრის წოდება, ხოლო შემდეგ – მაგისტრის ხარისხის წოდება „ქართული ხუროთმოძღვრების არქიტექტორ-რესტავრატორის წოდებით“… მონაწილეობს ქეთევან ჩიხაძის ექსპედიციებში.
მაგისტრის ხარისხი დაიცვა თავად ილია ბოსტოღანაშვილის სასახლის სარეაბილიტაციო პროექტზე. ამბობს, რომ ეს სასახლე უნდა აღდგეს ფუნქციური დატვირთვით. ეს სასახლე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ მხარისათვის და მთლიანად ამ რეგიონისათვის. – არქიტექტორ-რესტავრატორ მარიამ უგრეხელიძის პერსონა.

– დავიბადე 1988 წლის 2 აგვისტოს თბილისში. მშობლები: მამა – ამირან უგრეხელიძე პროფესიით გეოლოგია, დედა – ქეთევან ჩიხაძე – ფერმწერი, არქიტექტორ-რესტავრატორი.
ძმები: ვახტანგი – პროფესიით თეოლოგი, კალიგრაფი, დაზგური და მონუმენტური მხატვრობის რესტავრატორი;
დავითი – არქიტექტორ-რესტავრატორი (დოქტორანტი); ნიკალა- არქიტექტორ-რესტავრატორი (სტუდენტი);
ბავშვობის წლები ძალიან ბედნიერი გვქონდა. ჩვენი ყოველი დღე გამორჩეული იყო. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ლაშქრობები, საქართველოს ულამაზესი ბუნება და ჩვენი კარვები.
ზაფხულის დიდ დროს სოფელ წერაქვში ვატარებდით და სიამაყით შემიძლია გავიხსენო, რომ ნოდარ წულეისკირი სოფლის ბავშვებთან ერთად მე და ჩემს ძმებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გვამეცადინებდა.
– დაამთავრეთ ილია მართლის სახელობის თბილისის გიმნაზია და რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს განხრით… როგორ გაიხსენებთ ამ წლებს?
– დავამთავრე სკოლა, რომელმაც ცხოვრებაში მიწინამძღვრა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი ორი მასწავლებელი: მანანა ავალიშვილი და ასმათ მეტრეველი. პარალელურად ვსწავლობდი სამუსიკო სკოლაში. აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებაში.
– 2005 წელს ჩააბარეთ თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე, ბაკალავრიატში… რატომ დაინტერესდით ღვთისმეტყველებით?
– მინდოდა შემესწავლა ის, რამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ჩემზე, ეს იყო ხუროთმოძღვრება და ღთისმეტყველება… სწავლის პერიოდში შევიძინე ძვირფასი მეგობრები.
– 2015 წელს მოგენიჭათ არქიტექტორ-რესტავრატორის ბაკალავრის წოდება, ხოლო 2018 წლის თებერვალში – მაგისტრის ხარისხის წოდება „ქართული ხუროთმოძღვრების არქიტექტორ-რესტავრატორის წოდებით“….
როგორც არქიტექტორ-რესტავრატორი, როგორ გაიხსენებთ თქვენს საქმიანობას?
– ჩემი სადიპლომო თემა იყო მოხატული საყდარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ქეთევან ჩიხაძესთან ერთად გავაკეთე რეაბილიტაციის პროექტი რომლის რეალური განხორცილება მოხდა 2016 წელს. მაგისტის ხარისხი დავიცავი ილია ბოსტოღანაშვილის სასახლის სარეაბილიტაციო პროექტზე და მის ფუნქციურ აღდგენაზე, ჩემი თანაავტორი იყო ქეთევან ჩიხაძე.
ამ სფეროში, შეიძლება ითქვას, როგორც დამოუკიდებელ არქიტექტორ-რესტავრატორს პრაქტიკული გამოცდილება ნაკლებად მაქვს, თუმცა, სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, როგორც თანაავტორი, პრაქტიკულ გამოცდილებას ვიღებ არქიტექტორ- რესტავრატორ ქეთევან ჩიხაძისგან.
– მონაწილეობდით ქეთევან ჩიხაძის ექსპედიციებში…
– ჩემი ძირითადი პროფესია განაპირობა სწორედ ქეთევანის ექსპედიციებში სიარულმა. აქ მე ვისწავლე წინაპრების პატივისცემა, ქვეყნის სიყვარული და მოვალეობა ჩემი სამშობლოს წინაშე. შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი პიროვნული თუ პროფესიული ჩამოყალიბება ამ ექსპედიციებს უკავშირდება.
– რომელი ძეგლების აღდგენაში მონაწილეობდით და რა ვითარებაა ქვემო ქართლში ამ მხრივ?
– ძირითადად, ვმონაწილეობდი აზომვით და საპროექტო სამუშაოებში.
ქვემო ქართლი ამოუწურავი თემაა, რომლის შესწავლას ალბათ თაობები დასჭირდება. რაც უფრო ეცნობი ამ სფეროს, მით უფრო მეტად გაოგნებს ადამიანის შესაძლებლობები და რწუმდები, რა შეუძლებელი შეიძლება გააკეთოს რწმენამ და სიყვარულმა.
– მაგისტრის ხარისხი დაიცავით თავად ილია ბოსტოღანაშვილის სასახლეზე, მის სარეაბილიტაციო პროექტზე… გვიამბეთ ილია ბოსტოღანაშვილზე, მის კავშირზე ჯავახიშვილებთან…
– სასახლე, წერაქვისკენ მიმავალ გზის პირას, დღევანდელ შაუმიანში დგას. 80-იან წლებამდე ამ შენობაში საშუალო სკოლა ფუნქციონირებდა. ახალი სკოლის აშენების შემდეგ შენობის დანგრევის საკითხი დადგა … კოტე ჩოლოყაშვილის, დალი იაშვილისა და ქეთევან ჩიხაძის აქტიური მონაწილეობით შეჩერდა ნგრევა, თუმცა პირვანდელი სახით ვერ შენარჩუნდა. თუმცა ძირითადი ბირთვი და ფოტომასალა გადარჩა. სასახლის ფოტო, რომელიც ერთადერთია საარქივო მასალებში, ეკუთვნის ქეთევან ჩიხაძის პირად არქივს, ეს არის ფოტო, ურომლისოდაც შეუძლებელია სასახლის აღდგენა თავდაპირველი სახით.
ილია ბოსტოღანაშვილი XIX ს. დასაწყისის საზოგადო მოღვაწე და ბაქოში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავჯდომარე იყო. აქტიურად მონაწილეობდა ბაქოში ქართული თეატრის დაარსებასა და დაფინანსებაში. მისი ინიციატივით ბაქოში იხსნება ქართული და აზერბაიჯანული დაწყებითი სასწავლებლები.
თავისი მოღვაწეობით ილია ბოსტოღანაშვილი აგრძელებს აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის ისტორიულ მეგობრობას….
ილია მდიდარი კაცი იყო, მისდევდა ვაჭრობას. წლის მთელ დროს ატარებდა ბაქოში. გაზაფხულობით კი ცოლ-შვილთან ერთად ამოდიოდა თავის მამულებში. მისი მამულები გადაჭიმული იყო შულავერიდან პრივალნოემდე (ძირძველი ქართული მიწა, რომელიც 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სომხეთის სსრ-ს გადაეცა).
ილია ერთგულ კაცად იხსენიებს საბა ჯავახიშვილს, რომლის განკარგულებაში იყო თავადის მამულები, რომელიც მმართველად (მოურავად) დანიშნა. მან 50 წელი ერთგულად დაჰყო, ცხოვრების ბოლომდე მათ სამსახურში გაატარა და ძალზედ დაფასებული და პატივსაცემი კაცი გახდა. საბამ ცოლად წერაქველი ბურნაძის ქალი შეირთო, მათი მეჯვარე გახლდათ თავად ილია.
საბა ჯავახიშვილი არის მიხეილ ჯავახიშვილის მამა. 14-15 წლისა წამოსულა ზემო მაჩხაანიდან (დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტი).
შულავერში იკვეთება ნიკო ფიროსმანისა და საბა ჯავახიშვილის გზები. რომლებიც ერთი რაიონიდან იყვნენ წამოსულები. ოფიციალური დასტური იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ნათესავები, ან რამდენ ხანს დაჰყო ფიროსმანმა შულავერში, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ მიმუშავია.
– მიხეილ ჯავახიშვილის საღამოზე აღნიშნეთ, რომ სასახლე უნდა აღდგეს თავისი ფუნქციური დატვირთვით. იქ თქვით, რომ ეს სასახლე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ მხარისათვის და მთლიანად რეგიონისათვის…
– სასახლე მნიშვნელოვანია არა მარტო არქიტექტურული ღირებულებითა და ადგილმდებარეობით, არამედ მისი შინაარსითა და ისტორიით, რომელიც ძალიან დიდ შესწავლას მოითხოვს.
სასახლის ეზოშია დასაფლავებული საბას მამა ადამა (მიხეილ ჯავახიშვილის ბაბუა), საბას ძმა ანდრო (მიხეილ ჯავახიშვილის ბიძა) ჯავახიშვილები. თვითონ ილია ბოსტოღანაშვილიც მეუღლესთან ერთად ამავე ბაღშია დასაფლავებული.
ეს არის თემა, რომლის შესწავლამ და კვლევამ, შესაძლებელია სრულიად ახალი და უმნიშვნელოვანესი აღმოჩენების წინაშე დაგვაყენოს.
სასახლისა და საფლავების, როგორც ქართველობის უწყვეტი ჯაჭვის შენარჩუნებას, ამ ხეობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
რომ არა ილია ბოსტოღანაშვილი, ჩვენ არ გვეყოლებოდა ისეთი გენია, როგორიც მიხეილ ჯავახიშვილია!
7 წლის მიხეილი შეჰყავთ პრივოლნოეს სკოლაში. პრივოლნოე ილიას მამულებს ეკუთვნოდა.. ილია ყველგანაა, სადაც კი არის საგანმანათლებლო კერები და საგანმანათებლო და სამთარგმნელო კერებს ქმნის… მიხეილის პიროვნების ჩამოყალიბებაში აუცილებლად უდიდესი როლი ექნებოდა იმ გარემოს, სადაც ის იზრდებოდა… და ამ გარემოს ქმნიდა სწორედ ილია ბოსტოღანაშვილი…..
რაც შეეხება სასახლის ფუნქციურ აღდგენას, აუცილებელია, ეს მოხდეს ძველის გათვალისწინებით და ახალი მოთხოვნილებების შესაბამისად, რომ  სასახლემ არ დაკარგოსისტორიული მნიშვნელობა.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია, ვიყო კარგი დედა და კარგი სპეციალისტი ჩემს პროფესიაში.
– ოჯახი, მეუღლე, შვილები…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი.
– რას გეგმავთ სამომავლოდ?
– გეგმები მრავლად მაქვს, თუმცა ამჟამად ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ცოტა გამიჭირდება.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები