მანანა ნაჭყებია: სახელისუფლებო კანდიდატის ასეთი ტიპის განცხადებები უკვე არის რუსეთისთვის დაწერილი ერთი ქულა სასამართლოზე

ჩემი პოლიტიკური სიმპათიები არის დავით უსუფაშვილის მიმართ, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭრასთან დაკავშირებით, პარტიაში საბოლოო გადაწყვეტიელბა მიღებული არა არის.
„ამ ეტაპზე, ჩემი სიმპათიები მისი გამოცდილების, მისი პოლიტიკური ალღოს გამო, შესაძლოა, იყოს დავით უსუფაშვილის მხარეს. ამას გეუბნებით, როგორც მანანა ნაჭყებია და არა, როგორც „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი. ჩვენ უნდა დავსხდეთ, შევთახმდეთ იმაზე, თუ ვის დავუჭერთ მხარს და საერთოდ დავუჭერთ თუ არა მხარს. ეს შემდეგ იქნება ცხადი“, – განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც პარტიაში სურდათ.
„სამწუხაროდ, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც „ახალ მემარჯვენეებს“ გვინდოდა და როგორც, ჩვენი აზრით, იქნებოდა კარგი ქვეყნისთვის, იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა პოლიტიკოსების მხრიდან გამომჟღავნებული. ვფიქრობდით, რომ ამ არჩვენებზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ოპოზიციას წაეღო პრეზიდენტის პოსტი. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ვსაუბრობდით რეალურად დამოუკიდებელ, არაპარტიულ, არაანგაჟირებულ კანდიდატზე, რომ მას ჰქონოდა ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა. ეს იყო ძალიან სერიოზული, მე ვიტყოდი თითქოს 100 %-იანი შანსი, იმისა, რომ ოპოზიციას წაეღო პრეზიდენტის პოსტი. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. მივიღეთ არც ისე სახარბიელო სურათი“, – განაცხადა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის.
„მივიღეთ სახელისუფლებო კანდიდატი, მე არ დავარქმევ მას დამოუკიდებელ კანდიდატს, თვალში ნაცრის შეყრაა საზოგადოებისთვის, როდესაც საუბრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის თითქოს დამოუკიდებელი კანდიდატი. იქ სადაც პოლიტიკა ასეთი ფარსითა და  ასეთი ტყუილით იწყება, შემდეგ ასეთივე ფარსად იქცევა და ასეთივე ტყუილით გრძელდება. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა, ყველაზე დიდი უპატივცემლობა ამომრჩევლის მიმართ. ხელისუფლების კანდიდატი არის ძალიან ცუდი კანდიდატი, ბევრი მიზეზის გამო. პირველი, როცა ასეთი ფარსით იწყებ შენს მოღვაწეობას უმაღლესი თანამდებობის პოლიტიკურ პოსტზე, ეს უკვე ძალიან ცუდია. მეორე, როგორც ჩანს, ნომერ პირველ დიპლომატს წარსულ წლებში, საქართველოში არ აღმოაჩნდა საკმარისი დიპლომატია და საკმარისი პოლიტიკური მოქნილობა იმისთვის, რომ არ დაეშვა ის შეცდომები და არ აფეთქებულიყო იმ ნაღმებზე, რომელიც, ბუნებრვია, იქნებოდა. მან დაუშვა მიუტევებელი შეცდომები. პირველი, ეს არის მისი პოზიცია საქართველოში 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს არის მინიმუმ მავნებლობა. ყველამ იცის, რომ საქართველოს აქვს სარჩელი შეტანილი, ჰააგის სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საკითხი და ასეთ სიტუაციაში სახელისუფლებო კანდიდატის ასეთი ტიპის განცხადებები უკვე არის რუსეთისთვის დაწერილი ერთი ქულა ამ სასამართლოზე“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები