დავით სონღულაშვილი: წლის ბოლომდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გორის ოფისის მშენებლობა დაიწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა სამმართველოს საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია. აღინიშნა, რომ შიდა ქართლში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება თევზჭერის მიმართულებით ბრაკონიერობა.
დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან, გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებენ.
საუბარი შეეხო კასპის მუნიციპალიტეტს, სადაც სხვადასხვა ტიპის არაერთი საწარმო ფუნქციონირებს, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას.
მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი უწყებაა, შესაბამისად, მისი ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„შიდა ქართლი კიდევ ერთი რეგიონია, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი რეგიონული ოფისი ექნება. ტერიტორია უკვე შერჩეულია, პროექტიც მზად არის და უკვე წელს მშენებლობა დაიწყება“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობა და გაძლიერება შიდა ქართლის სამმართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ტერიტორიული ორგანო ცალკე სამმართველოდ 2 წლის წინ ჩამოყალიბდა. 2023 წლის აპრილამდე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოები ერთ ტერიტორიულ ორგანოში – აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში იყო გაერთიანებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში, მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, პარლამენტის დეპუტატები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.