ნორვეგია მზადაა, უკრაინაში გასაგზავნი Patriot-ის სისტემის ხარჯი დაფაროს
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ დაადასტურა, რომ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის შეძენის დაფინანსებას აპირებს.
“ნორვეგია მზადაა, გადაიხადოს Patriot-ის სისტემის უკრაინისთვის მიწოდების საფასური და ახლა ჩვენ ამის გაკეთებას გერმანიასთან თანამშრომლობით ვგეგმავთ”,- განაცხადა სტორემ.
მისი თქმით, გერმანიამ და ნორვეგიამ ჯერ უნდა მიიღონ კომპენსაციის გარანტიები იმის სანაცვლოდ, რასაც ისინი უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის იხდიან, ამიტომ საბოლოო შეთანხმება გაფორმებული ჯერ არ არის.
„ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის მიერ დახმარების სურვილის შესახებ განცხადება კარგი დასაწყისია, თუმცა ის ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული. როდესაც ეს საკითხი მოგვარდება – და იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება – ნორვეგია მზადაა გაიზიაროს ხარჯები“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინაში თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 29-ე შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომ გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის Patriot-ის ხუთი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.