თალაკვაძე “იბერიაზე”: ამ საქმის დიდი ნაწილი ბინძური კამპანიაა, ეს ხელისუფლების წინააღმდეგ კარგად მოფიქრებული პროვოკაციაა
მე ვფიქრობ, ამ საქმის დიდი ნაწილი ბინძური კამპანიაა. ესაა კარგად მოფიქრებული პროვოკაცია ჩვენი სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იბერიასა” და “ომეგა ჯგუფის” საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ტელეკომპანია „იბერიასთან“ მიმართებაში აბსოლუტურად პირნათელია.
“როდესაც სიმართლე არსებობს, ეს სიმართლე თბილისშიც, ლონდონშიც და ვაშინგტონშიც ერთნაირი იქნება. ჩვენ ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელი ვართ. არავითარი კანონდარღვევა, არავითარი გეგმა მედიის ან ბიზნესის წინააღმდეგ ჩვენი მხრიდან არ არსებობს. ამის დამტკიცება ყველგან იქნება შესაძლებელი. მე მოვუწოდებ ყველა ოპონენტს, რომელმაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა ეს საკითხი, კარგად დაფიქრდნენ და ის, რითაც თავად გაითქვეს სახელი, ნუ ჰგონიათ, რომ გახდება ჩვენი ხელისუფლების დროს პრობლემა. არ დავუშვებთ არც მედიაში და არც ბიზნესში ჩარევას, მაგრამ არც იმას დავუშვებთ, რომ როდესაც სხვა კომპანიები პატიოსნად იხდიან გადასახადებს, რომელიმე ბიზნესმა არ გადაიხადოს მილიონობით გადასახადი”, – განაცხადა თალაკვაძემ.