ირაკლი კობახიძე: მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი „ქართულ ოცნებასთან”

“ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ, თუ საჭიროა და გავცემთ ყველაფერს პასუხს”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფთან” და ტელეკომპანია „იბერიასთან” დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულ ოცნებასთან” არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ადამიანებს, რომელთა ჩანაწერებიც გავრცელდა.
„ქართულ ოცნებაზე” ლაპარაკობს ვიღაცა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან”. მასე შეგვიძლია ჩვენ ყველამ ერთად ჩავწეროთ ფარული ჩანაწერები და ვისაუბროთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რაღაცის გაკეთება. ეს არის მარტივი რაღაც. მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი „ქართულ ოცნებასთან”. ასეთი ჩანაწერის გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს. აქ არაფერი აჟიოტაჟის ასატეხი არ არის, გასაგებია, რომ არის საარჩევნო სიტუაცია. ამ არჩევნების დროს სურთ ჩვენს ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნა, ამიტომ, ორი გაუგებარი ადამიანის ჩანაწერი ვრცელდება მუდმივად, სადაც ისინი საუბრობენ „ქართულ ოცნებაზე”, პარტიაზე, ბიძინა ივანიშვილზე და ა.შ. ეს, ბუნებრივია, ვერ გახდება ვერანაირად აჟიოტაჟის საფუძველი. რა თქმა უნდა, ხელოვნური მცდელობები იქნება ამ არჩევნების გამო, თუმცა როცა ორი გაუგებარი ადამიანი საუბრობს რაღაც გაუგებარ თემაზე, ეს ვერ იქნება, ჩვენთვის, ბუნებრივია, აჟიოტაჟის საფუძველი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ითხოვს, რომ თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მაგალითად, ქრთამი გადაიხადა, შესაბამისი სანქცია შეეფარდოს.
„ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ თუ ოქუაშვილი და ჩუბინიშვილი ერთად საუბრობენ დანაშაულზე, მათ შორის, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მათ უნდა შეეფარდოთ შესაბამისი სანქცია. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ისინი ამ ჩანაწერებით ახდენენ პარტიის დისკრედიტაციას.
თუ მათ ჩაიდინეს დანაშაული, მაგალითად, ქრთამს იხდიდნენ, ქრთამს იღებდნენ, ამ შემთხვევაში ეს არის დანაშაული და საჭიროა შესაბამისი სანქციის შეფარდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებასაც.
„დიახ, ეს არის პროკურატურისთვის გზავნილი. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ, თუ არის დანაშაული ჩადენილი, პროკურატურამ ეს დანაშაული უნდა გამოიძიოს და შეუფარდოს სანქცია. ეს არის გზავნილი პროკურატურისთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები