„ხატის ქარგვას თვალებით ვიწყებ, მანამდე ლოცვით ვითხოვ შემწეობას“…

მუხრან მაჭავარიანის ეზო

ლაღი ბავშვობა ჰქონდა, პედაგოგების ოჯახში თოჯინებზე მეტად წიგნებთან მეგობრობდა. ამან განაპირობა პროფესიის არჩევაც. ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, შემდეგ იყო კავკასიურ ენათა განყოფილება… ამბობს, რომ კავკასიოლოგიის კათედრამ, ზოგადად, უნივერსიტეტმა ფიქრი, სუნთქვა, ცხოვრება ასწავლა…
მუშაობს თსუ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად. საინტერესო სამეცნიერო ნაშრომების ავტორია.
პარალელურად ქარგავს ხატებს. მის მიერ მოქარგული წმინდა გიორგის ხატი უწმინდესთან ინახება. ქარგვით შეიქმნა რამდენიმე ციკლი – საუფლო, საღვთისმშობლო და დიდი დღესასწაულების, მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ქართველი გვირგვინოსანი წმინდანების, ეკლესიის მამათა ხატების…
პარალელურად ამზადებს წიგნებს ენათმეცნიერებაში. დაასრულა მუშაობა ლაზურ  ლექსიკონზე, რომელიც ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე იქნება წარდგენილი. – ენათმეცნიერისა და ხელოვანის, მანანა ბუკიას პერსონა.

– პედაგოგების ოჯახში გავიზარდე, მამა ფილოლოგი იყო, დედა – მათემატიკოსი. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ… ადრე წავიდნენ… დღემდე დამრჩა დაუცველობისა და უსუსურობის განცდა, რომ ვერაფერი შევცვალე, ვერ დავიცავი მშობლების სიცოცხლე… თოჯინებზე მეტად წიგნებთან ვმეგობრობდი… თუმცა როცა საჭირო იყო, უბნის ბიჭების თხოვნით ფეხბურთის კარებშიც ვიდექი… პირველი წიგნი მახსოვს, მაშინ კითხვა არ ვიცოდი და გაოცებული ვათვალიერებდი ფიროსმანის ალბომს…
– ზუგდიდში დაამთავრეთ სკოლა…
– სკოლაში ადრე შემიყვანეს… აქტიური და ლაღი ბავშვობა მქონდა, თუმცა წიგნების სიყვარულის გამო ხშირად ჩავვარდნილვარ უხერხულ სიტუაციაში… მიუხედავად იმისა, რომ ფრიადოსანი ვიყავი, ნებისმიერ გაკვეთილზე ვახერხებდი მალულად წიგნების კითხვას, რაც ხანდახან კატასტროფით მთავრდებოდა. მახსოვს, მეხუთე კლასში ვიყავი, უმკაცრესმა და უსაყვარლესმა რუსულის მასწავლებელმა მოულოდნელად ამაცალა საგულდაგულოდ დამალული წიგნი და დამიტუსაღა… წესრიგის დარღვევა კი არ მაწუხებდა, იმას ვდარდობდი, საინტერესო ადგილას რომ გამაწყვეტინეს კითხვა… ალბათ ამ სიყვარულმა განაპირობა პროფესიის არჩევა.
– რატომ გადაწყვიტეთ ფილოლოგობა,  კავკასიურ ენათა განყოფილებაზე სწავლა?
– ვგრძნობდი, კავკასია და კავკასიური ურთიერთობები გაცილებით იდუმალი და მრავალფეროვანი იყო, ვიდრე ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში ამოკითხული… ზუსტად ვიცოდი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვისწავლიდი. როცა შემოთავაზებული სპეციალობები ვნახე, არც დავფიქრებულვარ, ისე გადავწყვიტე კავკასიური ენების განყოფილებაზე ჩაბარებ.
მიუხედავად სირთულისა, კავკასიურ ენათა განყოფილებაზე სწავლა იყო დღესასწაული, რომელიც დღემდე გრძელდება.
ლინგვისტიკის კორიფეები მიკითხავდნენ… ვერ ვხვდები, როგორ ახერხებდნენ რთული კავკასიური კონსონანტური სისტემის, ერგატიული კონსტრუქციის და სხვა მრავალთან ერთად ზედმეტი სიტყვების და სენტიმენტების გარეშე ესწავლებინათ ქვეყნის, პროფესიის სიყვარული, ღირსება, პატიოსნება… კავკასიოლოგიის კათედრამ, ზოგადად, უნივერსიტეტმა ფიქრი მასწავლა, სუნთქვა მასწავლა, ცხოვრება მასწავლა…
– დისერტაცია ზანური ენის ლექსიკის საკითხებზე დაიცავით.  დღეს  მივიწყებულია მდიდარი ლექსიკა…
– ჯერ კიდევ ბავშვობაში ვხედავდი, რამდენად მწირი იყო ჩემი მეგრული ლექსიკა უფროსი თაობის ლექსიკასთან შედარებით… ჩვენ თვალწინ ქრებოდა უმდიდრესი დარგობრივი ლექსიკა, რომლის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ღირებული დასკვნა ლინგვისტური ქართველოლოგიის ნებისმიერ სფეროში… სიტყვებთან თამაში ყოველთვის მიყვარდა… ასე გამოიკვეთა კვლევის ობიექტი…
სამწუხაროა, რომ ლექსიკის ქრობის ტენდენცია გაცილებით სწრაფად გრძელდება… 90-იან წლებში ჩაწერილი სიტყვების 30-40 პროცენტი  დღეს ინფორმატორებისთვის გაუგებარია… დარგობრივი ლექსიკის კვლევას დღემდე ვაგრძელებ… სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოვაქვეყნებ მონოგრაფიას…

უფროსი კოლეგები – დგანან: თამარ ბეროზაშვილი, მანანა ბუკია; სხედან: ირინა ასათიანი, მანანა კელენჯერიძე

ნარკვევები ქართველურაფხაზური ლინგვოკულტურული ურთიერთობის ისტორიიდან – 2013 წელს გამოვიდა თქვენი წიგნი… როგორ მუშაობდით ამ წიგნზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის.  რა გამოხმაურება ჰპოვა თუნდაც აფხაზეთიდან?
–  ქართველურ-აფხაზურ ენობრივ ურთიერთობებზე დაკვირვება ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო  თემაზე მუშაობისას დავიწყე. ზოგადად, ერთადერთი ისტორია, რომლის გაყალბებაც არ შეიძლება, ენის ისტორიაა, ენა თვითონ წერს თავის კანონებს. ენობრივ მონაცემებზე დაკვირვება დროის და პოლიტიკური კონიუნქტურის მიერ მტვერწაყრილ მრავალ ფაქტს ახლებურად წარმოაჩენს.
ქართველური ენებისა და დიალექტების, კერძოდ, მეგრულის სუბსტრატი, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ აფხაზური ენიდან ქართველურში შეთვისებული ლექსიკის თემატიკა, გავრცელების არეალი და სემანტიკის გრადაცია საშუალებას გვაძლევს, რეკონსტრუქცია მოვახდინოთ იმ ისტორიული ვითარებისა, რომელშიც ყალიბდებოდა ამ ორი ენობრივი კოლექტივის ურთიერთობა… ნაშრომის გაგრძელება იყო 2016 წელს გამოცემული „ქართველურ-ჩერქეზული ენობრივი ურთიერთობები“. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებ… მალე ნაშრომის მეორე ტომიც გამოვა. წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მწერენ აფხაზი მკვლევრებიც, რაღაცაში მეთანხმებიან, რაღაცაში მეკამათებიან, მაგრამ მეცნიერება ხომ სწორედ ეგაა, კონსტრუქციული კამათით სიმართლის დადგენა…
ამჟამად მუშაობ თსუ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში მეცნიერთანამშრომლადსამწუხაროა, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა დანგრევის პირასაა…
– ჩვენი ინსტიტუტის შენობა ისტორიულია, მეცხრამეტე საუკუნეში აქ მთავარმართებლის კანცელარია ყოფილა… ულამაზესი კარები, კიბეები ნაშთია ძველი დიდებისა… დღეს ეს შენობა საშინელებათა ფილმის ბუტაფორიას ჰგავს, სადაც ნამდვილი ადამიანები ნამდვილ ქართულ საქმეს აკეთებენ… დაბზარული კედლები, ჩამოშლილი ჭერი, სართულებს შორის გაჩენილი ღრიჭოები (დიახ, მესამე სართულიდან შეგიძლიათ მეორე სართულის ოთახი დაინახოთ!) საშინელი სანახავია… ეტყობა ჩვენი დიდებული წინაპრების, ჩვენი დიდი უფროსი კოლეგების, ბატონი არნოლდის, ქალბატონი ქეთევანის, სხვათა და სხვათა სულები გვიცავენ… ძალიან ტკივილიანი თემაა ჩემთვის, ძალიან!
– როგორც ენათმეცნიერი, რას იტყოდით დღევანდელ ქართულ ენაზე, რომელიც კატასტროფის წინაშე დგას, ისე მახინჯდება…
– ქართული ენა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ენა, განიცდის მეზობელი თუ პოლიტიკურად დაკავშირებული ენის გავლენას. სხვადასხვა დროს ქართულზე დიდი გავლენა მოახდინა სპარსულმა, არაბულმა, თურქულმა, რუსულმა, მაგრამ რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელია. ენა კატასტროფის წინაშე დგას… ასეთი დაუდევრობა, რასაც მშობლიური ენის მიმართ ვიჩენთ, დანაშაულია… კი, მუშაობენ ცალკეული ინსტიტუციები ენის სიწმინდისთვის, მაგრამ ეს თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, მოქალაქეობრივ სინდისს და მოვალეობას ინსტიტუცია ვერ გააკონტროლებს. სიყვარული, პატივისცემა, მოვალეობის განცდა ან გაქვს, ან არ გაქვს… ამის არქონა დანაშაულია…

შობა

– პირველი ნაქარგები… პატრიარქისგან გაქვთ კურთხევა…
– ქარგვა მოძღვრის კურთხევით დავიწყე. ჩვენს ტაძარში ბევრი ქარგავდა. ერთხელ მოძღვარმა მითხრა, ილიტონი მოქარგე, ვიცი, გამოგივაო. მანამდე ნემსის ხელში დაჭერა მიჭირდა, არც ილიტონი ვიცოდი, რა იყო…  მოკლედ, მივენდე უფალს და… გამოვიდა ის, რასაც ხედავთ… უწმინდესს მივართვი წმიდა გიორგის ხატი და მიბრძანა, თქვენ უნდა ქარგოთ და ქარგოთო… გამოდის, რომ პატრიარქისგანაც მაქვს კურთხევა… ვერ ვიტყვი, რომ თანდათან დავხვეწე ნამუშევრები… უცებ მოვიდა ეს უნარი თუ ნიჭი… ქარგვა ლექსივითაა, ხან წერ, ხან – ვერა…
–  ნაქარგი ხატების გამოფენა გქონდათ და დიდი შეფასებაც დაიმსახურა… რომელ ნაქარგებს გამოარჩევდით თავად?
–  მქონდა რამდენიმე კოლექტიური და პერსონალური გამოფენა… არ ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ… ნაქარგები შვილებივითაა, როგორ შეიძლება ერთმანეთისგან გაარჩიო… სხვადასხვა დროს სხვადასხვა განწყობით იქარგებოდა. როცა „ქართველ წმინდანთა ცხოვრებაზე“ ვმუშაობდი, თავისთავად მოვიდა ქართველი გვირგვინოსანი წმინდანების ხატების მოქარგვის სურვილი… დღესასწაულების მოახლოებისას მათი ხატების მოქარგვის სურვილი მიჩნდებოდა… ასე შეიქმნა რამდენიმე ციკლი – საუფლო, საღვთისმშობლო და დიდი დღესასწაულების, მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ქართველი გვირგვინოსანი წმინდანების, ეკლესიის მამათა ხატების… ბევრი გავაჩუქე, ბევრიც დამრჩა…

ღირსი საბა განწმენდილი

– რელიგიურობა ალბათ ოჯახმა განაპირობა…
–  ჩვენს ოჯახში განსაკუთრებულად აღინიშნებოდა რელიგიური დღესასწაულები, არ ვიცი, ეს ოჯახის რელიგიურობა იყო თუ ტრადიციის პატივისცემა. ცხოვრების წესი კი ნამდვილად ქრისტიანული ჰქონდათ. აი, ბებიას საგიორგობო ფაციფუცი მახსოვს. განსაკუთრებულად ემზადებოდა, სეფისკვერებს აცხობდა (ჩემთვის ბავშვობაში ბეჭდიანი პური იყო, მოგვიანებით მივხვდი, რაც იყო), ტრაპეზს ამზადებდა და მეზობელ რაიონში მიდიოდა, მათი გვარის მფარველი წმიდა გიორგის ტაძრის ნანგრევებში აღნიშნავდა დღესასწაულს ნათესავებთან ერთად.
– რას განიცდით ქარგვის  დროს?
–  ხატის ქარგვას თვალებით ვიწყებ, მანამდე ლოცვით ვითხოვ შემწეობას… თვალები მკარნახობენ განწყობას, ფერებს… ხშირად მიგრძვნია უხილავი თანადგომა და თანაყოფა ხატზე გამოსახული წმინდანისა… უცნაური დამთხვევებიც ყოფილა… ენით გამოუთქმელი გრძნობაა…  ძალიან მიყვარს წარწერების, ლოცვის ამოქარგვა… ქარგვის სურვილიც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული, ხან მადლიერება, ხან თხოვნა, ხან დიდებისმეტყველება… როცა სულიერ ტკივილს ვგრძნობ, უნებლიეთ ხატს ლოცვასთან ერთად ჩემს სახელს მივაქარგავ ხოლმე, თითქოს ლოცვას ვაძლიერებდე…
– თუ გაქვთ შეწირული ხატები?
– ბევრი ხატი მაქვს გაჩუქებული… გამოვტყდები, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს შვილს ვაძლევ სხვას… ალბათ მაინც ძნელია, გადმოვცე ის განცდა, რაც ხატის მოქარგვის დროს მეუფლება…
– ადამიანები, ვინც საგრძნობი კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში…
– ცხოვრებაში უამრავი ადამიანი იყო, ვინც ძერწავდა ჩემს სულს, ჩემს პიროვნებას… მშობლები, პედაგოგები, მოძღვარი, მეგობრები… მტრებიც…
დიდი ამაგი აქვს ჩემი, როგორც პიროვნების და მეცნიერის ჩამოყალიბებაში აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძეს, რომელიც აფხაზური ენის კურსს მიკითხავდა.
გამორჩეული ურთიერთობა მქონდა ცნობილ კავკასიოლოგთან, უბიხური ენის მკვლევართან რუსუდან ჯანაშიასთან. მისმა გარდაცვალებამ საბოლოოდ დამაობლა.
–  სამომავლო გეგმები…
– დავამთავრე მუშაობა ლაზურ ლექსიკონზე, რომელიც ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი. ინტენსიურად ვმუშაობ მეგრულ დარგობრივ ლექსიკაზე. ალბათ მომავალ წელს გამოვცემ… რიგში ქართველურ-აფხაზური ლინგვოკულტუროლოგიის მეორე ტომი დგას… ღვთის შეწევნით, ალბათ ყველაფერი გამომივა… უფლის ნება იყო ჩემი დღევანდელ დღემდე მოსვლა, უფლის თანადგომას და სიყვარულს ყოველთვის, ყოველ საქმეში ვგრძნობ… მადლობა ყველა სიხარულისთვის და ტკივილისთვის, ამ ტკივილებმა გამზარდეს, მასწავლეს, როგორი უნდა ვიყო და როგორი არ ვიყო…

 

თამარ შაიშმელაშვილი

უბისის მაცხოვარი ძველი დღეთაი
ლაზარეს აღდგინება
ყინწვისის ანგელოზი
იოანე ღვთისმეტყველი ხახულის კარედიდან
ღვთისმშობლის მიძინება
დავით აღმაშენებელი
ნუ მტირ, დედაო
ლმობიერება
თამარ მეფე

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები