20 მაისს პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია იწყება
სამშაბათს, 20 მაისს, დილის 9 საათზე 2014-2015 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინრეგისტრაცია დაიწყება, რომელიც 20 ივნისის, საღამოს 9 საათზე დასრულდება. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, 15 მაისს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტების მიღება დასრულდა.
პირველკლასელთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე: www. registration.emis.ge სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.
რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი, რომელსაც რეგისტრაციის ფორმაში შეჰყავს მოსწავლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მშობლის პირადი ნომერი. ასევე, ტელეფონის ნომერი, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება.
სისტემა არეგისტრირებს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი. გამონაკლისის სახით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს რეგისტრირებულნი იყვნენ კერძო სკოლების მოსამზადებელ კლასებში. მოქმედი კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს მშობლებს რეგისტრაციის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას, რომელიც განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს ვებგვერდზე: www.mes.gov.ge, ამასთან გაითვალისწინონ, რომ ერთდროულად რამდენიმე პირის მიერ, პარალელურად ან რამოდენიმეჯერ, ერთი და იმავე ბავშვის რეგისტრაციის მცდელობა დაუშვებელია, რამდენადაც სისტემა ავტომატურად შეზღუდავს რეგისტრაციას.