როგორი უნდა იყოს 22-ე საუკუნის იდეალური ქართული წყვილი… – იკას და ნათიას დიდი სიყვარულის ისტორია (ვიდეო)

ირაკლი სტურუა და ნათია წიქარიძე – მათ, 5 წლის წინ, თურქეთში გაიცნეს ერთმანეთი და ერთი ნახვით შეუყვარდათ. მას მერე ასე თვალებგაფართოებულნი არიან და, როგორც ამბობენ, რაც დრო გადის, უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემა უჩნდებათ ერთმანეთისადმი.
თურქეთიდან კი თვეზე მეტია, რაც დაბრუნდნენ. რამ განაპირობა მათი დაბრუნება, თავად გვეტყვიან სამომავლო გეგმებზე, ერთი რამ კი ცხადია, მათი გვერდი –  IKa NaTia  PaGe უკვე ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში და 70 ათასამდე ადამიანი იწონებს.
„მიყვარხართ, თქვენზე კარგი წყვილი არ მოიძებნება დედამიწაზე“,  „ორი ერთშია, – თქვენზეა ნათქვამი. ერთნი ხართ.  ცხოვრების ბოლო წუთამდე, დაე, ასე გიჟდებოდეთ ერთმანეთზე“; „გემრიელი წყვილი“…
სულ მალე ეს „გემრიელი წყვილი“ ჯვარს დაიწერს, თუმცა, როგორც ამბობენ, ვიდეოგადაღებებს გააგრძელებენ და სერიოზული გეგმები აქვთ. იკას და ნათიას, მათ  პროდიუსერთან, სემ გერმანთან ერთად შევხვდით. 

ირაკლი – „სკოლის დამთავრების შემდეგ თურქეთში 3 თვით სამუშაოდ წავედი, რომ ჩემი ფული გამომემუშავებინა. სამსახურში, დაახლოებით ერთ თვეში, ნათიას დედამ ჩამოიყვანა ნათია,  2013 წლის 13 ივლისს პირველად შევხვდით ერთმანეთს. აქედან იწყება ჩვენი ისტორიაც, ანუ პირველი დანახვით თვალებმა ეგრევე დაიწყო გაფართოება.
ნათია –  „სტამბოლში, დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი. ფიზიკურად ძალიან მომეწონა, თუმცა ბევრ სიგარეტს ეწეოდა, თან მიყურებდა, მეც ვუყურებდი…  მერე, დასვენების დღეებში,  პარკში სიარული დავიწყეთ, მერე ხელი ჩამკიდა და… ასე ვართ დღემდე“.
ირაკლი – „ნათია იმ წელს ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. სწავლის გადასახადის გამო უნდა ემუშავა სტამბოლში დროებით… მე ვუთხარი, მე და დედაშენი ვიმუშავებთ და გადაგიხდით – მეთქი, მაგრამ უარი თქვა“…
ნათია – „რომ გავიგე, ამისთვის რუსეთში უნდა წასულიყო, მე კი აქეთ მესწავლა, არ მომეწონა. სიყვარულისთვის  მანძილი არ იქნებოდა კარგი. ამიტომ დავრჩით ერთად და უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს.
– ანუ სიყვარული ერთი ნახვით დაიწყო?
ირაკლი – „კი… გაფართოვდა თვალები და დარჩა ასე… ვიცი, ასე გაგრძელდება“…
ნათია:  – „თავიდან ფაბრიკაში დაბალ ხელფასზე ვმუშაობდით, 500 ლირა იმ დროს 400 ლარს უდრიდა. იკა მაისურებს აუთოვებდა, მე მარკას, ფასს ვამაგრებდი. შემდეგ მრავალი დაბრკოლება გამოვიარეთ, ხან სამსახური დავტოვეთ,  ხან ფულიც არ გვქონდა, ლხინიც და გაჭირვებაც გადავიტანეთ და მოვედით აქამდე. დილის 8-დან ხან გვიანობამდე ვმუშაობდით, ზოგჯერ შაბათ-კვირაც არ ვისვენებდით. ასე მუშაობს იქ უამრავი ქართველი დედა, რომლებსაც ბავშვები აქ ჰყავს დატოვებული…   ნურავის ეგონება, რომ უცხო ქვეყანაში იოლია თავის გატანა და იქ წასვლით აშენდება“.
– როგორ დაიწყეთ გადაღება?
ნათია: – „ბავშვობიდან თეატრალური ვიყავი, მიყვარდა ლაპარაკი,  ვცეკვავდი, ვხატავდი, ვმღეროდი. მიყვარდა ვიდეოების, ფოტოების გადაღება, მაგრამ ტელეფონი არ მქონდა… იკა უფრო დინჯი, სერიოზულია…
სამი წლის წინ, ახალ წელს, იკამ  აიფონი მაჩუქა… ნაძვის ხესთან ელაგა დიდი ყუთები და ჩემთვის განკუთვნილი  ყუთი ყველაზე პატარა იყო. ვამბობდი, ნეტა რა არის ამ პატარა ყუთში-მეთქი. რომ გავხსენი  და აიფონი დავინახე, გავვოცდი, უზომოდ გამიხარდა. მას მერე ვიღებ და ვიღებ ვიდეოებს“.
ირაკლი: – „თავიდან არ მინდოდა ვიდეოების გადაღება, ნელ-ნელა ამიყოლია ნათიამ და უკვე იქამდე მივედით, რომ უამრავი ადამიანი გვიცნობს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ მიმართ თბილი განწყობით არიან. ელოდებიან, როდის განთავსდება ახალი ვიდეო“.
–  როგორ იღებთ ვიდეოებს,  წინასწარ მოფიქრებული სცენარით?
ირაკლი: – „არის ვიდეო, რომელიც დადგმულია,  მაგრამ უმრავლესობა ბუნებრივია. ნათია დაიჭერს ტელეფონს, რაღაცას იტყვის  და ჩვენ თვითონ ვიღებთ. ახლა დავიწყეთ იუთუბიზე „ჩელენჯერის“ გადაღება, ერთმანეთს ვეჯიბრებით.  ძალიან მცირე დროში მრავალი გამომწერი შემოგვემატა, ხალხი რომ გააქტიურდა და მოსწონთ, ჩვენც სერიოზულად მოვეკიდეთ საქმეს. თავიდან  ვიდეოებს პირად გვერდზე ვდებდით, ხალხი აზიარებდა და კომენტარებს გვიწერდა:  რა საყვარლები ხართ, როგორ მიყვარხართო“…
ნათია: – „სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდით გვერდის შექმნას, ჩვენთვის ვიღებდით, ფართო მასშტაბის გადაღებაზე არასდროს გვიფიქრია. მაგრამ ჩვენს ვიდეოებს  იმდენი დადებითი კომენტარი მოჰყვა,  გვერდი შევქმენით და უკვე იქ დავიწყეთ ვიდეოების დადება. უფრო მეტი გამოხმაურება მოჰყვა“.
– მაინც რა მოსწონთ მნახველებს, რას ამბობენ?
ნათია: – „რა საყვარლები არიან, როგორ უყვართ ერთმანეთი“…  რასაც ვგრძნობთ რეალურად, ამ სიყვარულს ვიდეოთი გადმოვცემთ. ეს არ არის დადგმული, ეს ბუნებრიობა მოსწონს მაყურებელს… 5 წელი და ორი თვეა, რაც ვიცნობთ ერთმანეთს.  სულ ერთად ვართ, ერთად გავიზარდეთ. ყველას და-ძმა ვგონივართ“.
– მობეზრების ფაქტორი?
ირაკლი: – „არა, პირიქით, სადმე რომ გავალთ, ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ერთმანეთს“.
ნათია: – „ნამდვილი სიყვარული,  ჩემი აზრით, ეგეთია“.
– გადაღებები დაქორწინების შემდეგაც გაგრძელდება?
ნათია: – „რა თქმა უნდა, გაჩერებას არ ვაპირებთ, სანამ არ დავბერდებით… ქორწინებამ რა უნდა შეცვალოს? 5 წელია, ერთად ვართ, ერთად ვმუშაობთ, ერთად  ვცხოვრობთ,  უფრო მეტი პატივისცემა და უფრო მეტი სიყვარული გვაქვს,  ადრე თუ ვჩხუბობდით რამეზე, ახლა უბრალო რამეზე აღარ ვჩხუბობთ“.
ირაკლი – „შევცვალეთ და სხვანაირი გავხადეთ ერთმანეთი“.
ირაკლი – „სემთან და ფილიპთან დაკავშირებით მინდოდა თქმა,  მარტი იყო, ახალი შექმნილი გვქონდა გვერდი, როდესაც სემ გერმანი, ჩვენი ახლანდელი პროდიუსერი დაგვიკავშირდა. თავისი გეგმები გაგვაცნო. ჩვენც დავინტერესდით, სიმართლე გითხრათ, ჯერ თურქეთიდან წამოსვლას არ ვაპირებდით, არ ვიცოდით, რამდენად კარგი პირობები გვექნებოდა აქ, გინდ ხელფასის, გინდა ცხოვრების მხრივ. სემი ისე გველაპარაკა, რომ დაგვარწმუნა, აქაც, სამშობლოშიც  შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთებაო. დავიწყეთ ფიქრი და  სამ-ოთხ თვეში დავტოვეთ სტამბოლი“.
– როგორ აღმოაჩინეთ წყვილი?
სემ გერმანი – „ვიდეოების დადება და გვერდის გაპიარება რომ დაიწყეს, შემთხვევით ერთ-ერთი მეგობრის მოწონებით, ეს ვიდეო მოხვდა ჩემს გვერდზე.  შევედი მათ გვერდზე, მომეწონა, ვიფიქრე, ალბათ ვიღაც უღებთ -მეთქი, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ თავად იღებენ.
ასე გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ ბრიტანელ ფოტოგრაფსა და პროდიუსერს, ფილიპ ჰუდლსტონს დაველაპარაკე, გადავწყვიტეთ – პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვეულებრივი ბუნებრივი წყვილი ყველა სფეროსთვის ცნობილი გაგვეხადა. დავიწყე მოლაპარაკება იკასთან და ნათიასთან. აღმოჩნდა, რომ სამსახიობო ნიჭთან ერთად კარგადაც მღერიან. გადავწყვიტეთ, ერთად გვემუშავა, რა შეიძლება ბევრი კულტურულ-სოციალური მიმართულების პროექტი გვეკეთებინა.
გვინდა, რომ იკა და ნათია წარმოვაჩინოთ, როგორც თანამედროვე, 22-ე საუკუნის იდეალური ქართული ოჯახი, წყვილი, რომელმაც დაიტოვა ის ძირძველი წესი და ადათი, რაც ახასიათებს ნებისმიერ ქართველ ადამიანს, მაგრამ ამასობაში აქტიურად იყენებენ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მიმართულებებსაც, რაც შეესაბამება ქართულ აზრსა და მენტალიტეტს.
პირველი, რასაც  დაჟინებით მოვითხოვ, არავითარ შემთხვევაში არ იქნებიან არც პლუს 18, არც პლუს 16 -იან ფორმატში, ანუ არანაირი სიშიშვლე! პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად მხოლოდ ხელოვნება გვაინტერესებს, ვიდრე ინტრიგები.
იმისთვის, რომ წყვილი ყველანაირად, ფიზიკურად, სულიერად,  ჯანმრთელი იყოს, ამის გამო სპორტზე დაიწყეს სიარული, ფიტნესდარბაზში ვარჯიშობენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი გაითავისონ. მათ საერთაშორისოდ აღიარებული ტრენერი და მსაჯი არჩილ იანვარაშვილი ავარჯიშებს, რომელიც უანგაროდ დაგვიდგა გვერდში, რაც დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის, იმიტომ, რომ ასეთი რამ თითქმის არ ხდება.
იკას და ნათიას მაგალითით გვინდა, დავანახვოთ ახალგაზრდობას, რომ არსებობს განვითარების სულ სხვანაირი გზა,  – კრიმინალის, აგრესიის გარეშე, გზა, ესაა ჯანსაღი ცხოვრების წესით მოპოვებული მომავალი. ეს შენ, ყველას, ოჯახს, სახელმწიფოს სჭირდება. საქართველოს კარგი და ჯანსაღი სპეციალისტები სჭირდება.
მალე ვაპირებთ სოციალურ პროექტებში ჩართვას, იგივე მარიხუანის, ნარკოტიკების  წინააღმდეგ. ამ მხრივაც  გვინდა, წყვილმა მაგალითი აჩვენოს ახალგაზრდებს. იკა ადრე ეწეოდა, ახლა არც ეწევა, არც სვამს, ინტენსიურად ვარჯიშობს.
ის, რაც ძალიან მომწონს და პირველივე შეხვედრიდან შევამჩნიე მათ, არის ის, რომ  ამ ადამიანების ირგვლივ დადებითი ენერგეტიკაა, მოწყენილი ვერ იქნები, უცებ  გამოგიკეთდება გუნება-განწყობა. მათ აქვთ იმის ნიჭი, რომ ხალხს დადებითი ენერგეტიკა გადასცენ. იმდენი გულშემატკივარი ჰყავთ, უკვე თავად შექმნეს გვერდები  და იკას და ნათიას გამონათქვამებს ახმოვანებენ. ვფიქრობ, წინ დიდი მომავალი გველის, ყოველ შემთხვევაში, გეგმა ბევრია“.
– უკვე თქვენი სტუდია  იხსნება…
სემ გერმანი
: – „მალე ფილ ჰუდლსტონთან ერთად სტუდიას გავხსნით, ეს იქნება „პროდაქშენ კომპანია“, დაწყებული ფოტოგადაღებიდან დამთავრებული ვიდეოგადაღებით. ჩვენ აქტიურად ვაპირებთ მუშაობას იკას და ნათიას პრომოუშენზე.
ეს პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია ევროპაშიც და ამერიკაშიც. მალე სამოტივაციო ვიდეორგოლს გადავიღებთ, მუსიკალური გაფორმებით. მადლობას გადავუხდით მათ გულშემატკივრებს  მხარდაჭერისთვის.
–  ფილმის გადაღებასაც დაიწყებთ… 
სემ გერმანი: – „ოქტომბერში დავიწყებთ ფილმის გადაღებას.  იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო, ნაბიჯი უნდა გადადგა და ამ ნაბიჯის დროს ჩვენ შეგვიძლია დახმარება. ჩვენ არ ვართ ვარსკვლავები, შორიდან რომ ციმციმებენ და სითბოს არ გამოსცემენ. ჩვენ ვართ აქ, მათ გვერდით.
და იმ რთულ ვითარებაში, როცა მათ ვუთხარი, საქართველოში უნდა ჩამოხვიდეთ და აქ ქართული საქმე აკეთოთ-მეთქი, ვიჯექი და ველოდი, რას მომწერდნენ. მეგონა, მეტყოდნენ, მანდ რა გვინდაო, მაგრამ რომ დამთანხმდნენ ჩამოსვლას, მარტივად მივხვდი ერთ რამეს, რომ ეს ახალგაზრდები არიან ჩემი ქვეყნის შვილები, არ დაივიწყეს, ვინ და საიდან არიან.
ამას რომ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ ასაკის ახალგაზრდები, ეს დიდი რამაა ჩვენთვის“.
რას ფიქრობთ დღევანდელ სიტუაციაზე, ხალხზე, რამდენად დასჭირდებათ თქვენი ვიდეოები, რას მისცემთ აქაური
ხალხს?

რაკლი – „ვიდეოებით იმის მიცემა შეგვიძლია, რომ სიმხიარულე და პოზიტივი მივცეთ, ისეთი ნეგატივია საქართველოში, ვცდილობთ, ცოტა მხიარულება დავთესოთ.
 ნათია – „უამრავი მესიჯია, გვწერენ, ცუდ ხასიათზე რომ ვართ და თქვენს ვიდეოს ჩავრთავთ, დადებითი განწყობა გვეუფლებაო.  გვახალისებთ. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულიაო“.
ირაკლი: – „გარეთ რომ გავდივარ, ზურგიდან გვიღებენ ფოტოებს, გვიგზავნიან, ახლოს ვერ მოდიან.
სასირცხვილო და მოსარიდებელი არაფერია, მოვიდეს და ჩავეხუტებით, ვაკოცებთ და „სელფსაც“ გადავიღებთ. თუ რამე კითხვა ექნებათ, პასუხს გავცემთ. არც  მაგის პრობლემა გვაქვს. როგორებიც ვიდეოში ვართ, ისეთები ვართ რეალობაშიც“.
სემ გერმანი: – „ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ ქუჩაში  ვხვდებით ჩვეულებრივ გულშემატკივრებს, რომლებსაც  მოსვლა ერიდებათ. მათთვის  მინდა განვაცხადო  – იკა და ნათია  იმდენად თბილები არიან, თავადაც უხარიათ ასეთი შეხვედრები. ზოგჯერ თვითონაც ეუბნებიან იმათ, ვინც იცნეს და ეძახიან, მოდით, გადავიღოთ სურათიო.
ამ დღეებში ერთი ლამაზი საღამო დავგეგმეთ. გვინდა, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოვინახულოთ, ვაჩუქოთ მათ თუნდაც 2-3 საათის სითბო და სიტკბო. მათთვის საჩუქრებიც მოვამზადეთ. ახლა ამ დღისთვის ვემზადებით“.
ირაკლი – „იმ საქმეს, რომელიც დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანთ. რაც მთავარია, ზარმაცები არ ვართ“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები