„ხატვის დროს სუნთქვას ვწყვეტ“… – „გრძნეული“ ფუნჯით შეგროვებული ბედნიერება

თბილისში დაიბადა. ლამაზი ბავშვობა ჰქონდა ზღაპრული სამყაროთი. ხატავდა ბავშვობიდან – მსახიობებს, მომღერლებსსაყვარელი წიგნის ილუსტრაციებს...
შემდეგ ისე მოხდა, რომ სხვა პროფესია აირჩია, განათლებით მოსავლეთმცოდნეფილოლოგითურქოლოგი.
მაგრამ მოგვიანებით ხატვას ისევ დაუბრუნდა. 6 წელია ხატავს გრაფიკულ პორტრეტებს. ამბობს, რომ ერთი ამოსუნთქვით ხატავს. იპოვა საკუთარი თავი და დაიბრუნა სიამაყე, გამბედაობა, სიყვარული! ამჟამად ემზადება პერსონალური გამოფენისთვის. – ხათუნა ფერაძის პერსონა.

– ბავშვობა იყო ლაღი, ლამაზი, ფერადი და გაზაფხულის წვიმასავით თბილი. ზაფხულში 3 თვეს ვატარებდით სოფელში მე და ჩემი ძმა. მიყვარდა ხეზე ასვლა და ყველგან ჩემი საყვარელი ხე მქონდა. ავიდოდი და საათობით ვიჯექი. მქონდა ჩემი ზღაპრული სამყარო, მჯეროდა მისი და შემიძლია დავიფიცო, რომ ფერიებს ვხედავდი და ვესაუბრებოდი მათ… მამა 23 წელია გარდამეცვალა. მას უყვარდა სიურპრიზები, მოვიდოდა სახლში მოულოდნელად, ჩაგვსვამდა მანქანაში და გვიწყობდა ტურებს სხვადასხვა მხარეში. დედა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია, ჩემი მესაიდუმლე. მინდა დიდხანს მყავდეს!
– ბავშვობიდან ხატავდით. პირველი ნახატები…

12-14 წლის ასაკში დახატული

– ჩემი შეხება ხატვასთან უკავშირდება დაწყებითი სკოლის მასწავლებელს, დოდო თელიას. მას არ აქვს სამხატვრო განათლება, მაგრამ შესანიშნავად ხატავს. ის რვეულებს გვიფორმებდა ულამაზესი ყვავილებით, ზედ წამოსკუპებული ჭიამაიებით, პეპლებით და ულამაზესი ფრინველებით. ვუცქერდი ამ ნახატებს და ხატვის სურვილი მიჩნდებოდა, მინდოდა, დამეხატა ასეთივე სილამაზე.
ვწვალობდი მიმსგავსებას და ნელ-ნელა გამომდიოდა. ასე დავიწყე ხატვა. მერე ვცადე პორტრეტები. ვხატავდი ჩემს კუმირ მსახიობებს, მომღერლებს, ვხატავდი საყვარელი წიგნის ილუსტრაციებს… ახლა რომ ვნახულობ ამ ნახატებს, მიკვირს, რომ ჩემი დახატულია იმ ასაკში.
ერთხელ გადმოვხატე მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული შოთა რუსთაველის პორტრეტი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, ტრაბახით არ ვამბობ, გამოვიდა საოცრად კარგი. სკოლაში გვასწავლიდნენ სახვით ხელოვნებას. მასწავლებელმა დაგვავალა თავისუფალ თემაზე ჩვენი სურვილისამებრ დახატვა. მეც ავდექი და ჩემი რუსთველი წავიღე ამაყად. მასწავლებელს ჰქონდა გრძელი, წითელი ფანქარი, რომლითაც ნიშნებს გვიწერდა და ასევე, ცელქი მოსწავლეების დასასჯელადაც იყენებდა. გამიძახა და მე თავმომწონედ დავუდე წინ ჩემი ნახატი. – ეს რა არისო, იღრიალა, მე დაგავალეთ, თავად დაგეხატათ და არა მხატვრისთვის გეთხოვათო. სანამ რაიმეს ახსნას მოვასწრებდი, ამ ფანქრით  ჯვარედინად გადამიხაზა ჩემი შოთა. კლასი გაჩუმდა მოულოდნელობისაგან, მე ტირილი დავიწყე. ისე მეტკინა და მეწყინა, მაინც არ დაიჯერა, ჩემი ნახატი რომ იყო. ამის მერე შევიძულე ხატვა. ახლა რომ ვიხსენებ ამ ისტორიას, მეცინება, ამ შემთხვევამ 25 წლით გადამადებინა ხატვა! ის ადამიანი ცოცხალი აღარაა, ღმერთმა გაანათლოს, მაგრამ საშინლად მომექცა.

12-14 წლის ასაკში დახატული

განათლებით მოსავლეთმცოდნეფილოლოგითურქოლოგი ხართ. რატომ არ გაჰყევით ხელოვნებას?
– ხელოვნებას ვერ გავყვებოდი, ოჯახი მყავდა და არ მეცალა ხატვისთვის. მარტო შვილებს თუ მივეხმარებოდი სკოლის დავალებების შესრულებაში.
– როდის მიხვდით უკვე დიდობაში, რომ უნდა გეხატათ?
– ხატვის ხელახლა დაწყება უკავშირდება ერთ მეგობარს, რომელსაც ნიძლავი მოვუგე. დავენიძლავე, რომ  მის პორტრეტს დავხატავდი. მახსოვს, ნახატი მეინჯერით გადავუგზავნე და რომ ნახა, ფოტო ეგონა.
ამას მოჰყვა მთელი რიგი პორტრეტებისა, ვხატავდი უბრალო თაბახის ფურცლებზე, უბრალო ფანქრებით, გრაფიკაში. არც ვიცოდი, როგორი ქაღალდი ან ფანქარი მჭირდებოდა. მეგობრები მეუბნებოდნენ, გვითხარი რა გჭირდება და გიყიდითო. მე ვერ ვერკვეოდი და რა მეთქვა? ასე დავიხვეწე ნელ-ნელა. ჩემმა მასწავლებელმა ამერიკიდან ჩამომიტანა ფერადი ფანქრების დიდი კომპლექტი და აი, მაშინ დავიწყე ფერების დაპყრობა, ეს წელიწადნახევრის წინ დაიწყო, ვხატავდი სპონტანურად, თითქოს ვიღაც მეჯდა გვერდით და მკარნახობდა ფერებს, ჩავიძირე ამ სამყაროში, ეს გახდა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ჩემი სულის ნაწილი და ჩემი მიზანი! ვიპოვე ჩემი თავი და დავიბრუნე სიამაყე, გამბედაობა, სიყვარული!
– 6 წელია ხატავთ პორტრეტებს, ძირითადად – თვალებზეა აქცენტი გადატანილი… რატომ, მაინცდამაინც პორტრეტებს?
– პორტრეტის, განსაკუთრებით თვალების ხატვა ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. თვალები ხომ ადამიანის სულისაკენ მიმავალი გზის კარიბჭეა.
პორტრეტებს ვიწყებ თვალების ხატვით. მაგ დროს ჩემ გარშემო ყველაფერი ითიშება, ხშირად ვამჩნევ, რომ სუნთქვასაც ვწყვეტ. არავინ და არაფერი არსებობს, ერთი ამოსუნთქვით ვხატავ და რომ მოვრჩები თვალებს, დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია ჩემთვის – ადამიანი უკვე მე მეკუთვნის! ეს დიდებული შეგრძნებაა! არ ვიცი, სხვა მხატვრები ამას თუ გრძნობენ, მაგრამ მე ასე ვარ!
– წერთ ჩანახატებს, ლექსებს…
– მიყვარს წერა, პოეზია ჩემი სულის ნაწილია, უბრალოდ ვწერ და  სიამოვნებას ვიღებ! მოსწონთ სხვებსაც, მიხარია, მაგრამ მარტო მათ გემოვნებას ვერ ვენდობი,   ჩემი ჰობია.
ლექსების მიხედვით ვხატავ პორტრეტებს, ან დავხატავ და ვურთავ ლექსებს, ისტორიებს.
ყველა მეუბნება, რომ ეს ხატვაზე არანაკლებ კარგად გამომდის. ჩემი ერთი ისტორია ჟურნალ „გზაშიც“ დაიბეჭდა, ჩემი სახელით არა, მაგრამ მაინც ვამაყობ!
–  როგორ არჩევთ ტიპაჟებს?
– ტიპაჟებს როგორ ვარჩევ, ვერ გეტყვით, მარტივად… ზოგს ჰგონია, რომ ვარჩევ ეფექტური გარეგნობის ადამიანებს, მაგრამ ასე არაა.
–  ფერადი ფანქრებით ხატავთ…
– განსაკუთრებულად მიყვარს ფერადი ფანქრებით ხატვა, საერთოდ – ფანქრით მუშაობა. ამ ბოლო დროს ვცადე აკრილი, ზეთი ჯერ არ მიცდია, აკრილი მომეწონა, დავიწყე  საუკეთესო მასალების გამოყენება, უხარისხოდ არაფრის კეთება არ მიყვარს, მითუმეტეს – ჩემი საყვარელი საქმის.
მასალები ძალიან ძვირი ღირს,  ძალიან ხშირად მჩუქნიან, თუ შემოსავალი არ აქვს მხატვარს, შეძენა შეუძლებელიც კია.
ფინანსები არავის აწყენს, მაგრამ მაინც მენანება ჩემი ნახატების გაყიდვა, ახლა გახშირდა შეკვეთები, მაგრამ  უფრო ხატვისთვის ვხატავ და არა ფინანსური კეთილდღეობისათვის, რომ შემეძლოს, არ გავყიდდი, ყველა ნამუშევარი შვილივით მიყვარს.
ამას გულახდილად ვამბობ, ვინც მიცნობს, იციან ჩემი ეს ხასიათი.
მიყვარს ადამიანების დახმარება, სადაც ვნახავ ნიჭიერ ადამიანს, მინდა მოვეფერო და მის ნაშრომებს ყოველთვის  ვაზიარებ სოციალურ ქსელში. დაე, იყოს კონკურენტი, მერე რა?! მთავარია საღი კონკურენცია, უფრო მეტს მოვინდომებ და დავხვეწ ჩემს ნამუშევრებს…
– ვიცი, რომ გაჭირვების გამო მიუბრუნდით დიდობაში ხატვას…
– ზოგი ჭირი მარგებელიაო, არსებობს გამოთქმა, მეც ასე დამემართა – რომ არა ჩემი „ჭირი“, ხატვას არ დავიწყებდი.
ხატვა გახდა ჩემი სულისა და ცხოვრების ნაწილი, აქ ვიპოვე ჩემი თავი, დავიჯერე, რომ რაღაცას წარმოვადგენ, არ ვამტკიცებ, რომ ვინმეზე მეტი ვარ, არაა, უბრალოდ ეს ყველაფერი ბედნიერების მოპოვებაში მეხმარება. ბედნიერი ვარ, კომპენსაცია მოახდინა უფალმა, მომივლინა განსაცდელი, რათა ხატვა დამეწყო!
ოჯახური პირობების გამო სასწრაფოდ სამსახური უნდა  მეშოვა. ასე მოვხვდი მაღაზიაში გამყიდველად. ჰოდა ჩემი ნახატების დიდი უმრავლესობა სწორედ იქ შევასრულე…
მაღაზიის დახლზე, წარმოიდგინეთ 9-დან 11 საათამდე, ყოველდღე სამსახურში ყოფნა, მუშაობა ასეთ რთულ სისტემაში და თან ხატვა ისე, რომ ადამიანებს მოეწონოთ შენი ნამუშევრები.
მე ვამაყობ ამით! გართობით და გულის გადაყოლებით დაწყებული საქმე, ჩემს საყვარელ საქმედ იქცა.
ყველა მეფერება და ვუყვარვარ, შემოდიოდნენ მაღაზიაში და მიყურებდნენ, როგორ ვხატავდი მაცივარზე დაწყობილ სახატავ ფურცელზე პორტრეტებს, ხანდახან თავად იღებდნენ, რაც სურდათ, რომ ჩემთვის ხელი არ შეეშალათ.
ასეთ პირობებში ხატვის გამო ნახატების უმრავლესობა პატარა ფორმატებზეა შესრულებული, დიდს უბრალოდ იქ ვერ დავატევდი, რამდენჯერ ღამეები მითენებია, რომ დამესრულებინა, საშინლად დაღლილს და ეს არა იმიტომ, რომ ფული მეკეთებინა, ეს საქმე გულით მიყვარს, ჩემთვის ყველაფერია! შვილივით მიყვარს თითოეული ნახატი.
– როგორ ხატავთ?
– ხატვისას ვუსმენ მუსიკას, თითქმის ყველა ჟანრი მომწონს, განსაკუთრებით მსიამოვნებს კლასიკა. წარმოიდგინეთ, მუსიკას რომ არ ვუსმინო, არც კი ვიცი, რა გამომივა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ. შემიძლია ვთქვა, რომ ზეცაში დავფრინავ ხატვისა და მუსიკის მოსმენისას!
– ოჯახი, შვილები…
– მყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი, 39 წლის ასაკში გავხდი ბებია, ახლა უკვე სამნი არიან.  ძალიან ვამაყობ. მინდა მათაც იამაყონ ჩემით!
– ვიცი, რომ გამოფენისთვის ემზადებით… თქვენი პორტრეტების საინტერესო გალერეას ველით… კიდევ რა გეგმები გაქვთ?
– მინდა ისეთი მხატვარი ვიყო, ხალხს ვუყვარდე ჩემი შემოქმედებით, არასოდეს ვთხოვ ვინმეს რამეს, არანაირი მაქინაციებით არ მსურს სახელის მოხვეჭა, კრიტიკასაც დიდი სიამოვნებით მივიღებ, რადგან კრიტიკა საუკეთესო მასწავლებელია, ოღონდ უნდა იყოს საღი და სამართლიანი. მეც ასე ვიქნები დამწყები მხატვრების მიმართ, ხათრის გამო ვერ შევაქებ, მინდა სხვაც ასე მექცეოდეს.
– ჰობი…
– ჰობია პოეზია, მუსიკა, საერთოდ, უამრავი რამე გამომდის ხელიდან, კაცის საქმით დაწყებული, ქალის საქმით დამთავრებული.
რაც მომინდომებია, ყველაფერი შემისწავლია და გამომსვლია უნიკალურად, არ ვტრაბახობ, საკუთარი საქორწინო კაბაც ჩემით შევკერე, ჩემი დიზაინით.
ვემზადები გამოფენისათვის, როგორც შემიძლია აქტიურად!
– გეგმები…
– მაქვს უამრავი გეგმა, შემოთავაზებაც და დაპირებაც, ვხატავ აქტიურად, როგორც სამსახური მაძლევს საშუალებას და გამოფენა, პირველ რიგში, მინდა არა სახელის მოსახვეჭად, არამედ, მინდა, შემაფასონ მხატვრებმა, მიმიღონ თავიანთ წიაღში სასურველ წევრად!
ჯერჯერობით, ვინც ნახა ჩემი ნახატები, ძალიან მოსწონთ, მათ უბრალოდ არ იციან, სად და როგორ  პირობებში ან რითი მაქვს დახატული ეს ნახატები.

ახალი ნამუშევარი

რა არ გამომიყენებია, თვალის ჩრდილი და ხილის წვენი, ყველაფერი, რასაც შეიძლება დარჩეს კვალი.
მაქვს შემოთავაზება სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის კინემატოგრაფიაში. საზღვარგარეთაც შეიძლება მომიწიოს გამოფენის მოწყობა, დამპირდნენ.
8 სექტემბერს შედგა საქართველოს და ქართველ ემიგრანტ მხატვართა კავშირსა და გერმანიის ქართული სახლის ხელმძღვანელ თამარ შალამბერიძესთან დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ. იქ გახლდით მიწვეული და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ბევრი საინტერესო საქმე გაკეთდება. კიდევ არის საინტერესო გეგმები, მომავალი გვიჩვენებს, როგორ წარიმართება ყველაფერი. ჩემი პირველი გამოფენაც ბევრ რამეს იტყვის, ამიტომ ჯერ არ ვიჩქარებ და მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. არ  მინდა, ტყუილი გამომივიდეს. ველოდები ყველაფერს დიდი ინტერესით და მოლოდინით!
რაც მთავარია, მე ვაკეთებ იმ საქმეს, რაც აღმაფრენას და ბედნიერებას მანიჭებს, რომც არ გამოვიდეს რამე, მაინც არ შევწყვეტ მუშაობას!
მე ვიპოვე ჩემი თავი, ამას არაფერზე გავცვლი!
– თქვენი ჩანახატიც შევთავაზოთ „კვირის“ მკითხველს …
– ბედნიერება!
დიახ, სანატრელი ხარ შენ, სასურველი, საოცნებო, მხურვალე, ქაოსური, მშფოთვარე, ნათელი, კაშკაშა, მღელვარე და მიუწვდომელიც… პირობითიც ხარ და ინდივიდუალურიც, რატომ?! იმიტომ, რომ ყველა ადამიანში სხვადასხვანაირი ხარ და ყოველ მათგანში ერთნაირიც! ზოგისთვის რა ხარ და ვისთვის ყველაფერი… მაგრამ ერთი ჭეშმარიტება მარადიულია – შენ ყველას სჭირდები, ყველა მოილტვის შენკენ, როგორც ფარვანა სანთლის შუქისაკენ და ყველა ოცნებობს შენზე – აუხდენელ უსასრულობაზე!
რამდენი სახესხვაობა გაქვს შენ?!
ბავშვში – ვარდისფერი, კამკამა, მიამიტი და გულუბრყვილო ხარ, მალე მიღწევადი და უფრო დავიწყებადი…
ახალგაზრდაში – სულსწრაფი, თავქარიანი, მოუთმენელი, დაუდევარი და გაურკვეველი…
ზრდასრულ ადამიანში – მუდამ მიუღწეველ-შეუღწეველი, მუდამ საჭირბოროტო და „მუდამ” ასაწონ-გასაზომი…
მოხუცში – უკვე ნაცნობი უცნობი, უკვე წარსული და „მაინც“ მომავალი, მუდამ მოლოდინი, სულ პაწაწინაზე საკმარისი და დაღვინებულ-დაბრძენებული, სრულყოფილი მომაბეზრებამდე!
ჩემში?! ჩემში მუდამ სასურველი, მუდამ მრავალფეროვანი, განახლებადი, შეუცვლელი, რძეზე მომდგარი ნაღებივით გემრიელი, მაჭარივით ტკბილ-მათრობელა, მთის ჰაერივით გამჭვირვალე და კისკასი, მზის სხივივთ მწველი და მომხიბვლელი, მაისის წვიმასავით თბილი და სასიამოვნო, ზამთრის სუსხივით მტკივნეული, ბუხარივით მყუდრო და თბილი!
ბედნიერებავ! მე დაგეძებ შენ ყველა ადამიანში, ვინც ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. მე ვხატავ მათ თვალებს და ვცდილობ, დავინახო მათში შენი მდუმარე სილუეტი! თუ ეს ვერ შევძელი, ვცდილობ, გამოვიგონო, ჩავასახლო და დავაბუდო გრძნეულ ჯადოქარივით.
ბედნიერებავ – სიყვარულის დობილო, მინდა, მოგაგროვო ნაფლეთ-ნაფლეთ, ფოთოლ-ფოთოლ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ აგკინძო და მივიფარო ათასჯერ დაჯიჯგნილ გულზე!
ბევრს ვითხოვ?! მაგრამ ხომ მითხრეს – ითხოვე და მოგეცემაო! მე ვითხოვ ჩემსას – არა სხვისას! მე ვეძებ ჩემს დაკარგულს – არა სხვისას, დაპნეულს და გაბნეულს! მე ვიბრძვი შენთვის, ვიბრძვი ყოველი ადამიანის ხმითა და ოცნებით, უიარაღოდ, მაგრამ აღჭურვილი ყველაზე ძლიერი იარაღით, რასაც სიყვარული ჰქვია! მაშ, დამიხვდი, ბედნიერებავ! მე მაქვს ნება ზეციერისაგან, ვერ დამისხლტები, ვერ გამიფრინდები! ჩემი „გრძნეული“ ფუნჯით მაინც დაგხატავ ადამიანთა თვალებში და დაგაბრუნებ ჩემს მყუდრო ბუდეში!

                                                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები