„ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და მდგრადობის აღდგენა ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია”
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ქალაქ ვილნიუსში, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა კოლეგებს, ფორუმის სესიაზე სახელწოდებით – „ევროპული და ტრანსატლანტიკური მდგრადობის აღდგენა”, სადაც ევროპაში ტრანსატლანტიკური ერთიანობისა და ლიდერობის განმტკიცების, ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე ისაუბრა. მან აქცენტი ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაბალანსებაზე გააკეთა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე გაამახვილა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ითვალისწინებს.
„წელს ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, ისევე, როგორც საქართველო. ჩვენ ბევრი საერთო ისტორიული მოვლენა გვაკავშირებს ერთმანეთთან, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებებია. ეს ფაქტორი და ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, გამოწვევების წინაშე გვამყოფებს. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და მდგრადობის აღდგენა ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია. ღია კარის პოლიტიკა ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ქვაკუთხედი იყო ყოველთვის, რაც ევროპის ერთიანობისა და დაცულობის გარანტია”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.