სოფო კილაძემ და მელიტონ ბენიძემ კომიტეტისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ახალ, ერთიან სერვისზე იმსჯელეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსს მელიტონ ბენიძეს შეხვდა.
როგორც სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საუბარი კომიტეტში მოქალაქეთა იურიდიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და მის უმოკლეს დროში მიღებას ეხებოდა.
„მოგეხსენებათ, კომიტეტს უამრავი, მათ შორის, ყველაზე დაჩაგრული ადამიანი მომართავს სხვადასხვა თხოვნით. მათგან ბევრია, ვისაც იურიდიული დახმარება ესაჭიროება. ჩვენ უწყვეტად ვმუშაობთ კომიტეტში მოქალაქეთა კონსულტირების სისტემის გაძლიერებასა და ეფექტიანობის ზრდაზე. მეორე მხრივ, თავისი არსით, იურიდიული დახმარების სამსახურიც ამ მიზანს ემსახურება და იმ ფონზე, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, აღნიშნული ორგანოს დაფარვის არეალი და რესურსი საკმარისად გაზრდილია, ვფიქრობ, ძალების გაერთიანებით, შევძლებთ საერთო საქმეს წარმატების ვემსახუროთ. ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების საწყის ეტაპზე ვართ. მას შემდეგ, რაც ერთობლივად შევიმუშავებთ თანამშრომლობისა და მოქალაქეთა საჭიროების სრულყოფილი დაკმაყოფილების ფორმას, ჩვენს საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ახალი სერვისის შესახებ.” – განაცხადა სოფო კილაძემ.