პრემიერი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით: დავაკვირდებით მოვლენებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას

ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა.
ბახტაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ დისკუსიაც.
„საზოგადოებამ იცის, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელიც ნებისმიერ არჩევნებზე ბევრი პრობლემის გარეშე ძალიან ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს. არაერთხელ ავხსენით, რაში გამოიხატება ჩვენი მიდგომა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ვაკვირდებით მოვლენებს, იმ კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ისიც აღვნიშნეთ, რომ გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ მე ვიტყოდი დისკუსიაც. მე თვითონაც გავაკეთე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიისა და რესპუბლიკის მშენებლობა, აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას პარტიაში აქვს თავისი არგუმენტები, ვინაიდან პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა გვაქვს, შეიძლება ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღოს მმართველმა ძალამ მონაწილეობა; მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს პოზიცია, რომ პარტია ამ არჩევნებზე აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით. დავაკვირდებით მოვლენებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები