ვინ დაწერა ლექსი – „გაზაფხულის პატარძალო, ენძელაო“ –  ექიმი და პოეტი დიდი და თბილი ფერებით (ვიდეო)

ბავშვობიდან მოჰყვება ლამაზი ფერები და ბუნების სიყვარული. ლექსების წერაც იმ ლამაზ წლებიდან  დაიწყო.
სტუდენტობის წლები ნავთქურასთან, უტრანსპორტობასთან და უშუქობასთან ასოცირდება... იმ პერიოდში დაიწერა „გაზაფულის პატარძალო, ენძელაო“, რომელიც უამრავი მსმენელისთვის საყვარელი სიმღერაა.
პროფესიით პედიატრია, 20-წლიანი საექიმო გამოცდილებით. ამბობს, რომ იყო სხვისი ტკივილის გამზიარებელი და შემდეგ მკურნალი ეს მისთვის არასოდეს იქცევა რუტინულ ყოველდღიურობად... პირიქით, მიანიჭო ადამიანებს სიხარული, მისი მოწოდებაა, პოეზია კი მაშველი რგოლია ამ ზედმეტად პროზაულ ყოფაში…
შარშან მისი პირველი წიგნის   ,,წერილები არსაით წარდგენა გაიმართა. გამოსაცემად ამზადებს მეორე კრებულს და პარალელურად მუშაობს რომანზე. – ექიმისა და პოეტის, მაია მაისურაძის პერსონა.

– ლამაზი და უდარდელი ბავშვობა მქონდა. ვიზრდებოდი თბილისის გარეუბანში, ქვემო ქართლის უმშვენიერეს სოფელ კუმისში. ჩემი მშობლების ერთადერთი შვილი ვიყავი. დედა – პროფესიით ფიზიკოსი იყო, მამა – იურისტი. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ კარგი განათლება მოეცათ ჩემთვის.
ბავშვობა ჩემთვის ასოცირდება ლამაზ ფერებთან. მაქვს დიდი, ორსართულიანი სახლი და ყვავილებში და მწვანე კაკლის ხეებში ჩაფლული ეზო. ბავშვობიდან მომყვება ბუნების სიყვარული. დღესაც ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა ყვავილების მოვლა და მცენარეებთან ურთიერთობა.
– სკოლაში სწავლის დრო მრავალისთვის საინტერესო პერიოდად ითვლება…
სკოლის პერიოდიდან მომყვება თანაკლასელებთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები. ხანდახან ახლაც ვხვდებით და ისევ ისეთი სილაღით ვხალისობთ და ვმხიარულობთ. ზოგიერთი მათგანი ჩემი პაციენტია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით და ეს ჩემთვის ძალიან დამთრგუნველია. დიდხანს მიმყვება ცუდი განწყობა და ტკივილი. მინდა ისინი კარგად და ჯანმრთელად გრძნობდნენ თავს. ვერ ვეგუები მათ სახეზე ნაოჭებს და მძიმე ცხოვრებისგან დამჩნეულ კვალს.
სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი. ვუსმენდი კარგ მუსიკას, ვკითხულობდი კარგ წიგნებს და ვიყავი დაუღალავი მეოცნებე. ვფიქრობ, მე გამიმართლა. მყავდა არაჩვეულებრივი ქართულის მასწავლებელი – ჯული სამხარაძე. მან საბჭოთა იმპერიის ზეობის ჟამს აღმომაჩენინა ჩემი პატარა საქართველო, წამაკითხა დისიდენტური ლიტერატურა.
–  პირველი ლექსები…
ამ პერიოდიდან ვწერ აქტიურად ლექსებს. თუმცა პირველი ლექსი უფრო ადრე, 6-7 წლის ასაკში დავწერე. მახსოვს მხოლოდ სათაური – ,,წარსული წლები”. ამაზე დღესაც ბევრს ვხალისობ. არ ვიცი, 7 წლის ბავშვს რა ნოსტალგია უნდა მქონოდა გულზე შემოწოლილი.
რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?
სკოლა წარმატებით დავამთავრე და პედიატრის პროფესია ავირჩიე. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და შემდეგ კლინიკურ ორდინატურაში. რატომ ავირჩიე ექიმობა? ეს პროფესია ბევრ საუკეთესო შეგრძნებას და ემოციას აერთიანებს.
შეუმსუბუქო მეორე ადამიანს ტკივილი, დაეხმარო და განკურნო – ჩემთვის ცხოვრებაში ამაზე დიდი ადრენალინი არ არსებობს… და თან ეს აკეთო ყოველდღე და დღეში – მრავალჯერადად – ეს უკვე ბედნიერებაა!
– სტუდენტობის წლები… ამ დროს დაიწერა თქვენი ლექსი: „გაზაფხულის პატარძალო, ენძელაო“, რომელიც ამღერდა და დღეს მრავალისთვის საყვარელი სიმღერაა…
– სტუდენტობის წლებიდან დამამახსოვრდა ხილიანის ქუჩაზე ინფექციურ საავადმყოფოში ლექციებზე ფეხის თითებიდან დაწყებული მოყინვა, რომელიც სულ უფრო ზემოთ მოიწევს და ბოლოს, გრძნობ, თავზე თმის ღერებიც სათითაოდ როგორ იყინება, იფიფქება, იქარგება და მაინც თვალები ფანჯრისკენ გაგირბის. იქ, დათოვლილ ნაძვის ხეებზე ზოოპარკიდან გამოპარული ციყვები დახტიან ბუთქუნა კუდებით და ისეთი სასაცილოები არიან!
მართალია,  ამ პერიოდში დავწერე ერთი პატარა ლექსი -,,გაზაფხულის პატარძალო, ენძელაო”. ეს ლექსი სიმღერად აქცია კომპოზიტორმა ქეთი გაბისიანმა და მრავალი ადამიანის საყვარელი სიმღერაა დღესაც.
https://www.youtube.com/watch?v=hgxUYylPvks&list=RDhgxUYylPvks&t=4
წლები უკან რჩება, ემოცია კი ცოცხლობს, აგრძელებს ცხოვრებას და გახსენებს აწ უკვე შორს მყოფ ადამიანს, ვისთვისაც შეგეძლო სიცივისაგან მოყინული ხელებით ლექსები გეწერა.
ჩვენი თაობის სტუდენტობის წლები – ნავთქურასთან, უტრანსპორტობასთან და უშუქობასთან ასოცირდება. ამ პერიოდში დაიბადა ჩემი ორი შვილი – გვანცა და გიორგი.
–  ექიმი და პოეტი…
– იცი, მოდიან ჩემთან ადამიანები და თავიანთი პატარ-პატარა ამბები მოაქვთ. 20 წელია ექიმი ვარ და მაქვს ჩემი საექიმო გამოცდილება. პაციენტებს ხშირად მკურნალობაზე მეტად საუბარი, უბრალოდ, მოსმენა სჭირდებათ. ისინი მიყვებიან, მენდობიან, თავისი ამბის თანაზიარს მხდიან და მეც ამ ნდობას ვუფრთხილდები. ჩემი პაციენტები ყოფილან – უბრალო რკინიგზელი და სახელმწიფო მინისტრი, უნივერსიტეტების პროფესორები, მოსამართლეები, პედაგოგები…მე ყველას ერთი სერვისით ვუწევ დახმარებას. ისინი ჩემთვის, პირველ რიგში, ადამიანები არიან. მე ვწერ სწორედ ამ ადამიანებზე, მათ ისტორიებზე, მათ დარდებსა და სიხარულზე.
– დილა იწყება ლექსით… პაციენტები გელიან სამსახურში…
– ჩემთვის ყველა დღე უფლის საჩუქარია – დღე-სასწაული! დიახ, დილა იწყება ჩიტის ჭიკჭიკით და ფინჯანი ყავით. როგორ შეიძლება არ დაწერო? ხანდახან პირდაპირ ტელეფონში კრეფ სტრიქონებს. მერე რა, რომ ,,მარშრუტკამ”კინაღამ გაგასწრო და უკან გაეკიდე? მერე ,,მარშრუტკაში” აგრძელებ წერას. აი, გვერდით ხელებმოხატული ბიჭი გიზის და ყველა ამბავი ხელებზე აწერია. გაგიმართლა და მძღოლიც გემოვნებიანი შეგხვდა, მოცარტს გასმენინებს. სულ პატარა დეტალი შეიძლება გახდეს ინსპირაციის მიზეზი.
კლინიკაში როცა შევდივარ, იქ სხვა სამყაროა, სხვა ვალდებულებებით, პასუხიმგებლობით. უფრო მძაფრია ემოციები. იყო სხვისი ტკივილის გამზიარებელი და შემდეგ – მკურნალი – ეს ჩემთვის არასოდეს იქცევა რუტინულ ყოველდღიურობად.
ვიყავი კუმისის ამბულატორიის, სადაზღვევო კომპანია ,,ირაოს“, შემდეგ  ,,იმედი ლ”-ის ოჯახის ექიმი წლების განმავლობაში. ამჟამად ,,მედისონ ჰოლდინგის”ოჯახის ექიმი და პედიატრი ვარ. ვმუშაობდი სხვადასხვა კლინიკაში.
პოეზია ჩემთვის მაშველი რგოლია ამ ზედმეტად პროზაულ ყოფაში.
ხშირად მინდა იმ სამყაროში დაბრუნება, სადაც შემიძლია ჩემი ფერები მქონდეს, ადამიანებს ერთმანეთი შევაყვარო, ღიმილი მივახატო სახეზე და ხანდახან გმირებიც გავხადო.
– ერთი დღე…
– ჩემი დღე იწყება ადრიანად – 6.30-7.00 საათიდან.ტიპიური სიმპსონების ოჯახი ვართ. ვინ საით გარბის, არ მკითხოთ. თქვენ წარმოიდგინეთ და კარგი კულინარიც ვარ. სამი შვილის დედობა გავალდებულებს, ხანდახან ბუზღუნით, მაგრამ მაინც გემრიელი სადილები ვაკეთო, ჩავწვდე აღნიშნული პროფესიის სიღრმეებსაც. აი,დღის ბოლოს თუ ორი საათი მაინც გამოვგლიჯე ხელებიდან საკუთარ თავს ისევ ,,ჩემთვის” – ეს უკვე ზეიმია! ვიკითხო, ვწერო, მოვუსმინო კარგ მუსიკას, ხანდახან ვიარო გამოფენებზე, სპექტაკლებზე…
დღის ბოლოს (რაღა დღის ბოლოა 1.30? ეს უკვე ახალი დღეა!) გადავხედო მძინარე შვილებს და მეც დავიძინო. ხვალ რომ ისევ დაიწყოს ის აურზაური, რომელსაც ცხოვრება ჰქვია სახელად!..
– ისტორია საექიმო ცხოვრებიდან…
– და კიდევ, ჩემი 20 წლიანი საექიმო საქმიანობის დროს ბევრი სახალისო და საინტერესო ისტორიაც მომეძებნება. როგორი ხველა გაქვს?- ვეკითხები პაცინტს და გაღიმებული მპასუხობს – კარგი! იცოდით, დერმატოლოგი რომ ტყავის ექიმია? ხო, ასეც ამბობენ და უნდა გაიღიმო.
მახსოვს ერთი ნაჭერი ტორტის არაჩვეულებრივი გემო, სტუდენტმა გოგონებმა რომ მომიტანეს, შესვენებაზე მიირთვითო. პატარა ანიტა ,,რაფაელოს”კოლოფით, რომელიც თვითონ გახსნა, გემრიელად მიირთვა და რაც გადაურჩა, სულგრძელი ღიმილით დამიტოვა.
მახსოვს პატარა უდედმამო ბიჭი – გიორგი. ჩვენი საიდუმლო რიტუალი, შემოდის კაბინეტში, ხელებს შლის, გამორბის და მეხუტება.მერე ჩვენ ვითვლით ათამდე და ვიღიმებით. მოგონილი ტყუილი – უცნაური ხველა, რომ გამზრდელ ქალბატონს ჩემთან ვიზიტზე მოეყვანა.
– სამი შვილი გყავთ…
– ჩემი პირველი მეუღლე 16 წლის წინ გარდაიცვალა. მარტომ გავზარდე შვილები -გვანცა და გიორგი მგალობლიშვილები. გიორგი წელს დაოჯახდა და ჩემს ოჯახს კიდევ ერთი ლამაზი წევრი შემოემატა, რძალი – შორენა ნაკაიძე. ჩემი გოგონა გვანცა – პროფესიით ფსიქოლოგია. მასაც ჩემსავით უყვარს წიგნები და დიდი ხანია ამ საქმეში უკან ჩამომიტოვა. არის ბლოგერი და ლიტერატურაზე წერს კრიტიკას და ესეებს.
მესამე შვილი – ნიკოლოზ ქოჩორაძე – სულ 6 წლისაა. წელს პირველად მიდის სკოლაში. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებას ბევრი ლამაზი ფერი შესძინა. მხიარული და ჭკვიანი ბიჭუნა, რომელიც წიგნების ლამაზ სამყაროში ცხოვრობს და უყვარს სახურავის ბინადარი კარლსონი, პეპი გრძელიწინდა და კარგად თამაშობს ფეხბურთს. კიდევ ჩემს პატარა პაციენტ გოგონებს ეპრანჭება და დაუნანებლად ჩუქნის სათამაშოებს.
– ერთი კრებულის ავტორი ხართ…
– გასული წლის 17 დეკემბერს – ბარბარობას – ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის დაფინანსებით მოხდა ჩემი პირველი წიგნის -,,წერილები არსაით” პრეზენტაცია. ორგანიზატორი იყო პროფესორი ხათუნა კალაძე – შესანიშნავი ქირურგი და საქმის პროფესიონალი. შეიკრიბნენ ჩემი კოლეგები ჭავჭავაძეზე, ,,შაქრო ბაბუაში”, საღამო გაფორმებული იყო არაჩვეულებრივი მუსიკით, იყო უამრავი სიურპრიზი.
– როგორ იწერება ლექსი…
– ლექსების წერა ადრე მხოლოდ მშვიდ გარემოში შემეძლო. ახლა ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და წერა. დამიწერია პაციენტების ვიზიტებს შორის პერიოდებში. ლექსები – ჩემი გზავნილებია ამ სამყაროში. ეს არის დიალოგი საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთანაც.
– რომ დაგაბრუნონ უკან, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
– ადამიანი ყოველდღიურად იზრდება.წლების მატებასთან ერთად უკეთ ხედავ და აცნობიერებს საკუთარ შეცდომებს. არ მესმის იმ ხალხის, ვინც ამბობს, არაფერს შევცვლიდიო. უკან რომ დამაბრუნონ, რაღაცებს აუცილებლად შევცვლიდი. ცხოვრებამ მასწავლა, არასოდეს განვიკითხო, მივუტევო და უპატიებელი ცოდვა რომ არ არსებობს. ამიტომ არასოდეს ვჭორაობ, არასოდეს ვინტერესდები სხვისი პირადი ცხოვრებით და ვცხოვრობ მსუბუქად და თავისუფლად.
– რა არის სიყვარული?
– სიყვარული? ყველაზე დიდი ნიჭია სიყვარული, რაც უფლისაგან ადამიანს ებოძა!.. და რასაც თან წაიყოლებს იმ მიღმიერ სამყაროშიც… სიყვარული არის ფრთები და შეყვარებულ ადამიანებს ფრენაც შეუძლიათ! სიყვარული არის ზრუნვა! როცა მძინარე შვილებს დახედავ და მეორე დღეს ისევ ენერგიული და ღიმილიანი შეხვდები, რომ მათ გამო მთები გადადგა.
სიყვარული არ იზომება და არ იწონება! უბრალოდ, ბედნიერი ხარ, როცა გიყვარს და უყვარხარ! როცა გაქვს არაჩვეულებრივი დღეები საყვარელ ადამიანთან ერთად… ასე იწერება სიყვარულის სტრიქონები, იბადებიან ლექსები…
,,ბნელ მღვიმეში მზის პირველი სხივივით ხარ!”- მითხრა ,,მან”. მე წამოვდექი,ზურგჩანთა ავიღე და მასთან ერთად ათასი მილის გასავლელად მოვემზადე.
სამომავლოდ, რას გეგმავთ შემოქმედებითი თვალსაზრისით…
– ვხუმრობ ხოლმე, ამ ბოლო დროს ,,წერამ” ამიტანა-მეთქი. წლის ბოლოს ლექსების ახალი კრებულის პრეზენტაცია მაქვს დაგეგმილი. გავთავხედდი და ვმუშაობ რომანზე, რომელიც, თუ არ ვიზარმაცე, მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება. პრეზენტაციაზე აუცილებლად მოგიპატიჟებთ!
–  ლექსები…

 

***

არ მოიწყინო!
მეც არ მოვიწყენ…
დღეებს სურნელი ასდის ლავანდის…
და სადღაც დღის და ღამის საზღვარზე
შენი ლამაზი ტანი დავლანდე.
თუ დაიღალე, აჰა, ეს მხრები,
ბევრი ტკივილის ბევრჯერ მზიდავი,
შეგეშველები,
ჩამომეყრდენი,
ამოისუნთქე,
ჩემთან იყავი!..
ხვალ ისევ ისე ფრთები გვექნება,
ღრუბლების ზემოთ მხრები გავშალოთ
და სიყვარულის ოქროს მარცვლები
გადმოვაფანტოთ მუჭით სამყაროს!…
არ მოიწყინო,
მეც არ მოვიწყენ!…
დღეებს სურნელი ასდის ლავანდის…
და სიყვარული-ასე ლამაზი
მიმატანინე უფლის კარამდის!..

***

ხმაურობს ქუჩა…
და ხეთა მწკრივებს
შემოხვევია გუნდი ჩიტების…
მხვდება თვალები მშიერ მათხოვრის
და ნაყროვანთა მთელი რიგები…
აქ, ქუჩის მტვერში არეულ ვნებას
არიგებს ქალი ხელ-ფეხ-გაშლილი
და მამრის ოფლში შერეულ კვნესას
პასუხობს ქუჩაც ვნებააშლილი.
აქ – იყიდება,
აქ – ვიყიდებით
და ყველაფერი გაყიდვადია…
მოწყენილ მნათობს,
ჩვენი ყურებით
თვალიდან სხივი ჩამოფანტვია…
უცებ სულ ახლოს
გიტარის სიმებს
მოწყდება გულზე დიდი სინაზე,
და მოწყენილი პატარა ბავშვი
ხატავს ყვავილებს ფანჯრის მინაზე…
გამოდი გარეთ,
გამოდი გარეთ,
გავცდეთ ამ ქუჩას,
ამ ქალაქს გავცდეთ!..
დავბრუნდეთ უკან,
საკუთარ თავში
და ყველა კითხვას პასუხიც გავცეთ!
სადღაც,
სულ ზემოთ
ლავანდის მინდვრებს
გუნდი და გუნდი მისდევს ჩიტების…
უკან დავტოვე ხმაური ქუჩის
და ნაყროვანთა მთელი რიგები…

***

წლები წლებია და მეტი არაფერი,
ქვეყნად არც ვინ არის დროის გამხედნავი,
უნდა გამოსტაცო მხოლოდ ორიოდე,
მხოლოდ ორიოდე ტკბილზე ტკბილი წამი!
ისევ მაჭარივით დუღან გრძნობები და
ივნისს მზე უხდება ცაზე ავტოგრაფით…
მე ხომ ასეთი ვარ, ცოტა უცნაური,
ცოტა ჯიუტიც და რით ვერ გამიცანი?..
მიყვარს ტკბილქართული,
ვმარცვლავ ყურძენივით,
სიტყვაც ტკბილია და ბაგეც მიტკბილდება…
სიტყვაც ფორიაქობს,
რით ვერ დამიწყნარდი?
ვფანტავ გულისცემას
ლექსის მინიმებად…
წლები წლებია და მეტი არაფერი,
ქვეყნად არც ვინ არის დროის გამხედნავი,
უნდა გამოსტაცო მხოლოდ ორიოდე,
მხოლოდ ორიოდე ტკბილზე ტკბილი წამი!

 

https://www.youtube.com/watch?v=hgxUYylPvks

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები