ნათია მეზვრიშვილი: ფოთში მომხდარი ინციდენტის დროს, სამართალდამცველი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ფოთში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ სამართალდამცველი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და როდესაც ის დანაშაულის აღკვეთას შეეცადა, დამნაშავემ მას ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
მისივე თქმით, პოლიციელი ამ დრომდე მკურნალობას აგრძელებს და დაკავების 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია, კვალიფიკაცია შეიცვალოს.
„რასაც ჰქვია განზრახ მკვლელობა, ცალსახად გამორიცხულია. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ერთი რამ ყურადღება მისაქცევია, რომ პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გარდაცვლილს სამართალდამცველმა დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო. პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ის ადამიანი ამ ტიპის დანაშაულს ჩადიოდა. როდესაც პოლიციელი შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, ის გახდა თავდასხმის მსხვერპლი. კერძოდ, მან პოლიციელს ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ მოხდა გასროლა და დადგა ეს ფატალური შედეგი. პირველადი მონაცემით, როგორც ვიცი, კამერების ჩანაწერი არ იყო, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სამართალდამცველი დაკავებულია და იმდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღემდე საავადმყოფოში რჩება. კვალიფიკაციას რაც შეეხება, დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე 48-საათიანი ვადა არსებობს, მოხდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესაძლებელია კვალიფიკაციაც შეიცვალოს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას, დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პროკურატურამ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით გუშინ დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები