ირაკლი სესიაშვილი: დავით ჭიჭინაძე მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას

„ვფიქრობ, დავით ჭიჭინაძე მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი თანაპარტიელის დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხს.
ამასთან, ირაკლი სესიაშვილმა გედევან ფოფხაძის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ მის ემოციურ ხასიათს კარგად იცნობს.
„არავის არ უნდა გაუჩნდეს იმის თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საპარლამენტო ოპოზიცია არა არგუმენტებით, არამედ ძირითადად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარით ცდილობს პოლიტიკურ პაექრობას – ამ ფონზე ჩვენთვის გუნდის შიგნით კონკრეტულ საკითხებზე განსხვავებული აზრი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ბატონ დავით ჭიჭინაძეს, ყოველგვარი პირადი დამოკიდებულების გარეშე, ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას. რიგ შემთხვევებში მისი საჯარო განცხადებები სცდებოდა ელემენტარულ შიდაპარტიულ დისციპლინას, რაც ყველას მოგვეთხოვება და ისე ჩანდა, რომ ის ითხოვდა გარიცხვას. მეც მქონია შემთხვევა, როდესაც საერთო გუნდის იმ მცირე ნაწილში მოვხვედრილვარ, რომელსაც გარკვეული გადაწყვეტილება არ მოსწონებია, თუმცა როცა გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, მას შესაძლოა უფრო პრაგმატული მიდგომა ჰქონდეს. ბატონი დავითის შემთხვევაში გუნდი დავრჩით საჯარო განცხადებების წინაშე, სადაც ის საუბრობდა იმ თემებზე და ისეთ მტკიცებით ფორმაში, რომ მისი სიმართლე იყო ჭეშმარიტება და დანარჩენი გუნდი არასწორ გზაზე იდგა, რაც მიმაჩნია რომ არის არათუ სახიფათო, არამედ სცდება პოლიტიკურ კულტურას. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია და არა კონტრრეაქცია. რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, მას დიდი ხანია ვიცნობ და მისი ემოციური ხასიათის შესახებაც ვიცი. ვფიქრობ, მისი მკვეთრი განცხადება გადაჭარბებული იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ღირებულებები გვაერთიანებს, ვფიქრობ, გედევანთან ერთად საერთო პოზიციების შეჯერება არ გაგვიჭირდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები