თეა წულუკიანი: 0GP-თან ერთად ჩვენ გამოვაცხადეთ მმართველობის ახალი ეტაპი, სადაც თანამშრომლობა არის წესი და არა გამონაკლისი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 0GP-ის გლობალური ფორუმის მონაწილეებს მიმართა, როგორც 0GP-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელმა, და ისაუბრა „ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში საქართველოს მისიაზე. მინისტრის განცხადებით, ის 0GP-ის თანათავმჯდომარე მუკელან დიმბასთან ერთად შეახსენებს 0GP-ის მთავრობებს, რომ საქართველოს აქვს მარტივი, თუმცა, ძლიერი ამოცანა: მოემსახუროს უმაღლეს დონეზე და გააძლიეროს საკუთარი მოქალაქეები.
„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა − ეს ის ძირითადი ღირებულებაა, რომელმაც 7 წლის წინ 0GP-ის შექმნა განაპირობა. მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პრაქტიკამ აჩვენა, რომ სამოქალაქო ჩართულობა, ხშირ შემთხვევებში, არის უმთავრესი (მნიშვნელოვანი) გასაღები წარმატებისა და რეფორმების განხორციელებისთვის, რომელიც მიმართულია საზოგადოების საჭიროებებისთვის. აქედან გამომდინარე, თანამშრომლობის და მოქალაქეთა ჩართულობის გაღრმავების გაძლიერება გახდა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თავმჯდომარეობის წლის პერიოდში.
მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებით და თანამშრომლობის მუდმივი მექანიზმის ჩამოყალიბებით ღია მმართველობის საქართველოს ფორუმი არის ერთ-ერთი წარმატებული ისტორია, რომელიც „0GP”-ის ქოლგის ქვეშ განვითარდა. ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ. ფორუმი არის გამორჩეული ინსტრუმენტი, რომელიც ჩამოაყალიბა ჩვენმა მთავრობამ, რათა შეიმუშაოს ღია მმართველობის რეფორმები სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. „0GP”-ის მართვის სტრუქტურების რეპლიკაციით ფორუმი უზრუნველყოფს იმას, რომ მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს ერთად მუშაობა, რათა მიმართონ და დაძლიონ ღია მმართველობასთან დაკავშირებული გამოწვევები. „ღია მმართველობა − საქართველოს” ფორუმის სრული ჩართვა 0GP-ის ცხოვრებაში არის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ჩვენი თანამშრომლობის წარმატებისა, რომლის პარტნიორ ქვეყნებთან გაზიარებისთვის ჩვენ მზად ვართ”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნისთვის 0GP-ის წარმატების ისტორია იწყება „ღია მმართველობა − საქართველოს” ფორუმით.
„მუდმივი დიალოგის მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევქმენით, რათა გვეთანამშრომლა ღია მმართველობის რეფორმებთან. ფორუმი დაკომპლექტებულია საჯარო დაწესებულებებით, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებით, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებით, რომლებიც ერთ მაგიდასთან იკრიბებიან და გეგმავენ ქვეყნის ღია მმართველობის რეფორმებს. ხელისუფლება მზად არის, მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოების ხმას. 0GP-თან ერთად ჩვენ გამოვაცხადეთ მმართველობის ახალი ეტაპი, სადაც თანამშრომლობა არის წესი და არა გამონაკლისი. ფორუმი, როგორც მრავალპარტიული ორგანიზაცია, აერთიანებს პასუხისმგებლობებს 0GP-ის რეფორმების შემუშავებაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. ეს არის ადგილი, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ენერგიის და ცოდნის, განათლების გაზიარება საუკეთესო მიმართულებითაა შესაძლებელი. ეს არის გაერთიანება, სადაც ეს ენერგია შეიძლება ითარგმნოს რეკომენდაციებად და მყარ სამთავრობო ვალდებულებებად. 0GP-ის მართვის მოდელი არის ძალიან მარტივი და ეფექტური: ფორუმს აქვს ორი სკამი − ერთი წარმოადგენს მთავრობას და მეორე − სამოქალაქო საზოგადოებას”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, „ღია მმართველობა − საქართველოს” ფორუმში საჯარო მოსამსახურეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივად ატარებენ საჯარო კონსულტაციებს „ღია მმართველობა − საქართველოს” სამოქმედო გეგმის ვალდებულებების დასადგენად.
„ეს არის მნიშვნელოვანი გაერთიანება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა ჰქონდეთ ნდობა ჩვენი საქმეების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და თბილისის მერიამ მოგვიანებით გამოიყენეს ჩვენი თანამშრომლობის მოდელი − ისინი შემოუერთდნენ 0GP-ის პროგრამებს”, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს 0GP-ის გლობალური ფორუმის ფარგლებში კიდევ ერთ სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები