“კარგია, რომ დაიბარეს და გამოკითხვა ჩაატარეს“ – ჭიჭინაძე ქუმსიშვილ-ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე

თუ არსებობს კითხვები, ამაზე უნდა იყოს პასუხები, თუ არ არსებობს პასუხები, რა თქმა უნდა, მაშინ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ორი ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურის მიერ გამოკითხვას.

როგორც ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიების დაწყება ლეგიტიმურია.
„თუ საზოგადოებაში კითხვები არსებობს და იყო მითქმა -მოთქმა, ძალიან კარგია, რომ დაიბარეს და გამოკითხვა ჩაატარეს. პროკურატურა რას იპოვის, რას აღმოაჩენს, რა ფაქტები იქნება- ეს ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე, როდესაც საქმე ასეთი მაღალი თანამდებობის პოლიტიკურ პირებს ეხება, იმიტომ, რომ საზოგადოება ძალიან დაინტერესებულია, რა საქმიანობით იყო დაკავებული ხელისუფლება. მათაც მიეცემათ შანსი, ღიად დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა, ვფიქრობ, თუ არსებობს კითხვები, იმაზე უნდა იყოს პასუხები, თუ არ არსებობს პასუხები, რა თქმა უნდა, მაშინ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
მოგეხსენებათ, ალავიძე საკმაოდ დიდი ხანია გადადგა, 3 თუ 4 თვეა, მაშინ თქვა, რომ დაიღალა და ბიზნესში წავიდა, ვფიქრობ, მაშინ არ იყო გულწრფელი, როცა ეს განცხადება გააკეთა. იმიტომ, რომ მითქმა-მოთქმა დიდი ხანი არსებობდა ტენდერებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვები იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ლეგიტიმურია ამ გამოძიების დაწყება. დაველოდოთ გამოძიებას“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

„ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.
როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დასამალი არავისთან არაფერი აქვს.
„საგამოძიებო უწყებაში გამაფრთხილეს, რომ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. ჩემი გადმოსახედიდან კითხვები იყო ძალიან მარტივი და არა პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით კომენტარი ზურაბ ალავიძემაც გააკეთა.
“ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, – განაცხადა ალავიძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები