დემურ გიორხელიძე: „საქნახშირის“ მართვა მთავრობის საქმე არ არის

„საქნახშირის“ მართვა მთავრობის საქმე არ არის, – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ განცხადებას, რომლის თანახმადაც ჯგუფი მზადაა, კომპანია „საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

როგორც გიორხელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ კომპანია სახელმწიფოს გადაეცემა, მისი პრივატიზაცია ისევ უნდა მოხდეს.

„ქართული დიდი ბიზნესი და მათ შორის ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ფლობს „საქნახშირს“ ყოველთვის ხელისუფლებების მიერ ლობირებული იყო. საუბედუროდ, ნიჭით და საკუთარი ნოვატორული ბიზნესმოდელებით ამ ქვეყანაში ვერაფერს მიაღწევ, იმიტომ, რომ მკვდარი ინფრასტრუქტურაა სამართლებრივად, ფინანსურად. ამ ჯგუფის მეპატრონეს ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემთან ერთად იჯდა პარლამენტში, საიდან რა შედეგებს მიაღწია, ძალიან კარგად ვიცი. არასდროს პასუხისმგებლობა ამ ჯგუფისა არსად მინახავს.

ტყიბულის ყველა შახტში ვარ ნამყოფი , როდესაც კონტროლის პალატაში ვმუშაობდი, „საქნახშირი“ და ჭიათურა თავიდან ბოლომდე მაქვს კომპლექსურად შესწავლილი. თავად ჩავდიოდი შახტებში, რომ მენახა რა პირობებია. ძალიან რთული პირობებია. იმისთვის, რომ თანამედროვე ვენტილაციის სისტემები, სიგნალიზაცია დამონტაჟდეს ამაში სერიოზული ფული უნდა ჩაიდოს, ხომ არ შეიძლება ყოველ თვე და ყოველ მეორე თვე ვიღაცა კვდებოდეს. ამიტომ, ეს არის ამ ჯგუფის უპასუხისმგებლობის შედეგი. თუ ხელისუფლება ამას აიღებს, სასწრაფოდ ამის პრივატიზაცია ისევ უნდა მოახდინოს. რადგან, არ არის მთავრობის საქმე „საქნახშირის“ მართვა“- განაცხადა გიორხელიძემ.

მისივე თქმით, მარტივი გზით წასვლა და შახტის დახურვა არ არის სწორი.

„იქ ოჯახებია, ადამიანებია, პროდუქციაა, რომელიც მიიღება ძალიან საჭიროა, მას თავისი მყიდველი ჰყავს. ცივილიზებული უსაფრთხოების სისტემა უნდა შეიქმნას. თუ დახურავს მთავრობა, იგივე უნდა გაკეთდეს, რაც ინგლისში თავის დროზე ტეტჩრმა გააკეთა, როდესაც ინგლისის მაღაროები დახურა, სამაგიეროდ 30 000 ფუნტი მისცა თითოეულ მეშახტეს, რათა მათ ახალი საქმე დაეწყოთ. თუ ასეთ ნაბიჯზე წავა საქართველოს ხელისუფლება და სერიოზულ თანხას, სიტყვაზე 50, 60, 70-ათას ლარს მისცემს თითოეული მეშახტის ოჯახს, მაშინ ეს შეიძლება იყოს პასუხისმგებლობით მიღებული გადაწყვეტილება. დახურო და ისედაც მშიერ-მწყურვალი ტყიბული დატოვო კიდევ უფრო მშიერ-მწყურვალი, დიდი საქმე ვერ არის“- განაცხადა გიორხელიძემ.
ცნობისთვის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადაა, კომპანია „საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. ამის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” განცხადებაშია ნათქვამი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შეთავაზებას დამატებითი კონსულტაციები სჭირდება.
16 ივლისს, დილით, ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები