შრომის ინსპექტორებმა მინდელის შახტში ხარვეზები დააფიქსირეს

შრომის ინსპექტორებისგან და ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულმა შვიდკაციანმა ჯგუფმა მინდელის სახელობის შახტში ცხრასაათიანი ინსპექტირება დაასრულა.

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ჯგუფმა გარკვეული ხარვეზები დააფიქსირა.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ჯგუფმა დააფიქსირა გარკვეული ხარვეზები. ვერ იქნა უზრუნველყოფილი დასაქმებულების გაყვანა უსაფრთხო ზონაში, რომელიც გათვალისწინებულია ბურღვაფეთქვითი სამუშაოების პასპორტის შესაბამისად. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კი დადგენილი იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოკვლევა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები