შალვა ბედოიძე: ხორავას საზარელი ტრაგედიის შემდგომ, დანაშაულის გასახსნელად, პოლიცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა
“ხორავას საზარელი ტრაგედიის შემდგომ, პოლიცია მუშაობდა 24-საათიან რეჟიმში, ამ მძიმე დანაშაულის გასახსნელად”,-ასე უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ბედოიძემ ირაკლი აბესაძის კითხვას, რომელიც არასრულწლოვნებთან ღამით გასაუბრების საკითხს ეხებოდა.
მისივე თქმით, გამოკითხული პირების მიმართ კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
“ჩვენ მიერ გამოკითხულნი იყვნენ როგორც არასრუწლოვანი, ისე სრულწლოვანი მოწმეები, ვისაც შეიძლება რაიმე შემხებლობა ან ინფორმაცია ჰქონოდა გამოძიებისთვის საინტერესო დეტალზე. კონკრეტულად, თუ ვის ვინ გაესაუბრა, ან ვინ რამდენი ხანი გაჩერდა პოლიციის განყოფილებაში, ამის მოხსენება ჩემთვის შეუძლებელია, იმიტომ, რომ მიდიოდა საკმაოდ ფართო მუშაობა, ვინაიდან მოგეხსენებათ, საზარელი ტრაგედია იყო დატრიალებული. პირველივე დღეს, იყო გარდაცვლილი ერთი ახალგაზრდა, შემდგომ მეორე ახალგაზრდა გარდაიცვალა. იქ მიდიოდა 24-საათიანი მუშაობა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რათა დადგენილიყო საქმეზე ჭეშმარიტება და აღნიშნული მძიმე დანაშაული არ დარჩენილიყო გაუხსნელი. არც ერთი პირის მიმართ, რომლებიც გამოიკითხნენ გამოძიების ფარგლებში, კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია”,- განაცხადა შალვა ბედოიძემ.