ირაკლი ფიფია: ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ყველა შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული.
„საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც უნდა გაერკვია სიკვდილის უშუალო მიზეზები. ასევე, რამდენი ჭრილობა ჰქონდა, რომელი ჭრილობა რა ხარისხის იყო და ამ ჭრილობის ზომები. აღნიშნულის შემდეგ, როგორც კი მივიღეთ სამედიცინო დასკვნა, ჩვენ მიერ დაინიშნა კომისიური ტრასოლოგიური ექსპერტიზა და მიეცა კონკრეტული დავალებები, კითხვები ექსპერტებს, რომ გაერკვიათ რომელი ჭრილობა რომელი დანით იყო მიყენებული. ასევე, წარედგინათ აღნიშნული დანები. როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქმეში ორი დანაა ამოღებული. ემთხვეოდა თუ არა ჭრილობის სიგრძეს, სიგანეს. ასევე, გაიგზავნა ორივე მიცვალებულის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე და მოხდა მათი შედარება. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმას, რამდენი საგნით შეიძლება იყოს მიყენებული ჭრილობა.
სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის ის, რომ დაწეროს და მიმოიხილოს რამდენი იარაღია საქმეში. ექსპერტი განგვისაზღვრავს ჭრილობათა რაოდენობას, ჭრილობათა სიღრმეს, ჭრილობის მიმართულებას, ჭრილობის სიგანეს – გვიწერს მილიმეტრული სიზუსტით. ასევე, გვიწერს, თუ რომელი ჭრილობა არის სასიკვდილო, რომელი ჭრილობა არის შემავალი, რომელი ჭრილობა არ არის შემავალი და რა დონის დაზიანება მიიღო. სწორედ ეს არის სამედიცინო ექსპერტის კომპეტენცია. სამედიცინო ექსპერტმა უნდა განგვისაზღვროს ზემოთ აღნიშნული საკითხები. როგორ უნდა დაგვიწეროს ექსპერტმა რამდენი დანით არის მიყენებული? სწორედ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დაინიშნა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტიზა. მილიმეტრული სიზუსტითაა გაზომილი ყველა ჭრილობა, როგორც სხეულზე, ასევე ტანსაცმელზე. ასევე, შედარებულია ორივე დანა.
რაც შეეხება დავით სარალიძის სხეულზე არსებულ ჭრილობებს, კონკრეტული დანით, გამოირიცხა, 5 ჭრილობა რომ არ შეიძლებოდა მიყენებული ყოფილიყო. მეორე დანით არ გამოირიცხა არც ერთი ჭრილობა. ასევე, ლევან დადუნაშვილის სხეულზე 2 ჭრილობა გამოირიცხა შემთხვევის ადგილიდან, დათვალიერებისას ამოღებული დანით და არ გამოირიცხა საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული გ.ბ.-ს დანით.
თქვენ მოიწვიეთ კომპეტენტური ექსპერტი და დაუსვით ეს კითხვა, რამდენი დანით და რამდენი იარაღითაა შესაძლებელი ამ დაზიანებების მიყენება. სხვა დანარჩენ კითხვაზე, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა”,-განაცხადა ირაკლი ფიფიამ.