მთავარი პროკურორის პოსტზე უწყების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი იბრძოლებს – ვინ არის ლევან ძნელაძე?
მთავარი პროკურორის თანამდებობისთვის უწყების კიდევ ერთი მოქმედი მაღალჩინოსანი იბრძოლებს. განაცხადების წარდგენა ოფიციალურად გუშინ დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ „კავკასიის უნივერსიტეტმა“ მთავარი პროკურორობის კანდიდატად საქართველოს პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსანი, კერძოდ, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე წარადგინა.
ძნელაძე უწყების უკვე მეორე მოქმედი მაღალჩინოსანია, ვინც მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესში დარეგისტრირდა. მანამდე მთავარი პროკურორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურა დააყენა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა, თუმცა ლევან ძნელაძეს გაცილებით მეტ შანსებს უწინასწარმეტყველებენ, გამომდინარე იქიდან, რომ მან გადაწყვეტილება პროკურატურის თანამშრომლებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო და შესაბამისად, პროკურორების დიდი ნაწილი სწორედ მას დაუჭერს მხარს.
სავარაუდოდ, ლევან ძნელაძე, რომელიც უწყების შიგნით საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს, მხარდაჭერას მოიპოვებს საპროკურორო საბჭოს წევრებს შორისაც და დიდი ალბათობით, ის მოხვდება სამ კანდიდატს შორის.
მის მხარდამჭერებს და რეკომენდატორებს თუ დავუჯერებთ, ლევან ძნელაძის ძალისხმევით მოხერხდა სიტუაციის დალაგება ისეთ რთულ დეპარტამენტში, როგორიცაა თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში საპროკურორო საქმიანობა და შესაბამისად, მას კარგად იცნობენ ძალოვან უწყებებში, ისევე როგორც სამეცნიერო წრეებში. იგი გახლდათ მიწვეული ლექტორი თსუ-ში და კითხულობდა ლექციებს, ასევე ის არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, განათლების ევროპული ცენტრის „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და ქვეყნის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევები“ – მენეჯერი და მთავარი ლექტორი.
გარდა ამისა, მისი კანდიდატურის მხარდამჭერები ძნელაძის საქმიანობას უკავშირებენ საპატიმრო დაწესებულებებში სიკვდილიანობის შემცირებასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების არარსებობას. აქედან გამომდინარე, უწყების შიგნით ვარაუდობენ, რომ ლევან ძნელაძე, როგორც მინიმუმ, იმ სამ კანდიდატს შორის აუცილებლად მოხვდება, რომელთაგან ერთ-ერთს მთავარი პროკურორის პოსტზე წარადგენენ.
წყარო: “პრაიმტაიმი”