მამუკა მდინარაძე ოთარ კახიძეს – თქვენ, ან უნდა თქვათ, რომ იურისტი არ ხართ, ან თქვათ, რომ პოლიტიკური ინტერესი გაქვთ

როგორც ჩანს, თქვენ მთლიანად იზიარებთ პროკურატურის პოზიციას და მ.კ.-ს ჩვენებას, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა, – ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ კომისიის მდივანს ოთარ კახიძეს მას შემდეგ, რაც კახიძემ კომისიას „ევროპული საქართველოს“ მეორე რეკომენდაცია გააცნო.
„ევროპული საქართველოს“ მეორე რეკომენდაცია ჩხუბში მონაწილე პირს – მ.კ-ს ეხება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, კომისიას ჯერ არ დაუკითხავს ჩხუბში მონაწილე პირები და აღნიშნული დასკვნის გაკეთება ტენდენციურობის ნიშნებს აჩენს.
„როდესაც კომისია შეიქმნა, კითხვები გვაწუხებდა მაგალითად, ზაზა სარალიძის დასმულ ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, რომ მ.კ-ს ეჭირა დანა, ეს არ არის გამოძიებული, მას ხელს აფარებდა ვიღაც ამ საშინელებაში. დღეს ირკვევა თქვენი პოზიციით, რომ თქვენ ეთანხმებით პროკურატურისა და მ.კ-ს პოზიციას და მ.კ-ს მიერ მოქაჩვა თუ ხელის დარტყმა უნდა დაკვალიფიცირდეს მკვლელობაში თანამონაწილეობად. ჩვენ გვაინტერესებს, ზაზა სარალიძის ეჭვი, რომ მ.კ-ს ეჭირა დანა, რომელსაც მას ვიღაც ფარავდა, რათა არ გამომჟღავნებულიყო, რეალურია თუ არა ეს. ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს. ხოლო ის ვერსია, რაც თქვენ გაქვთ, პროკურატურის და მ.კ-ს ვერსია, რომელიც უარყო სასამართლომ, ეთანხმებით და ამ ვერსიაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ საყელოში დაქაჩვა და მუშტის დარტყმა უნდა შეფასდეს, დაკვალიფიცირდეს მკვლელობაში თანამონაწილეობად, თანაამსრულებლობად, ან დახმარებად. ეს არის იურიდიული ნონსენსი და პოლიტიკური ინტერესი. ჩვენ გვაქვს ინტერესი რეალობის გარკვევის და დადგენის, თქვენ გაქვთ პოლიტიკური ინტერესი ასეთი ტენდენციურობის. 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი აღმსრულებელი და არა სხვა როლის შემსრულებელი დანაშაულში. ბატონო ოთარ, ახლა თქვენ ან უნდა თქვათ, რომ იურისტი არ ხართ და არც მე გკადრებთ ამას და არც თქვენს თავს აკადრებთ, ან უნდა თქვათ, რომ პოლიტიკური ინტერესი გაქვთ, რომ ეს ასე მოხდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, ოთარ კახიძის თქმით, ის ცალსახად აფიქსირებს, რომ პროკურატურის ვერსიას არ იზიარებს, თუმცა, მათი ვერსიითაც კი, მ.კ. არის დანაშაულში მონაწილე პირი.
„პროკურატურის ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ. პროკურატურა შეეცადა მ.კ გამოეძვრინა ამ საქმიდან. პროკურატურა ცდილობს, რომ მ.კ როგორმე ამ საქმიდან გამოიყვანოს. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ მაგალითად ტანსაცმელი არ ამოიღეს. მათ შორის ის, რომ პროკურატურა პირდაპირ საუბრობს, რომ მ.კ, როდესაც მიიმალა გ.ჯ-სთან ერთად, მას მიმალვის განზრახვა კი არ ჰქონდა, უბრალოდ თავის მეგობარს გაჰყვა. ამ ვერსიას არათუ ვიზიარებ, არამედ კატეგორიულად ვემიჯნები. პროკურატურა როდესაც ცდილობდა მ.კ-ს გამოძვრენას, ისე წაიყვანა საქმე, რომ მაინც გამოიყვანა მ.კ დანაშაულის თანაამსრულებელი, ოღონდ არა ცივი იარაღით ხელში, არამედ თანაამსრულებელი, რომელსაც უჭირავს მსხვერპლი და უადვილებს სხვა პირებს დანების დარტყმას. არ ვიზიარებ პროკურატურის დასკვნებს. ამ მიკერძოებული დასკვნით მ.კ. არის თანააღმსრულებელი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს. აღნიშნული ორი რეკომენდაციის მიხედვით, გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას გ.მ.-ს დაჭრის საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და ასევე ამავე რეკომენდაციით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.-სთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები