“შსს გ.მ.-ს დაჭრის შესახებ გამოძიებას აწარმოებს, ამიტომ “ევროპული საქართველოს” რეკომენდაცია ამ საკითხზე ღია კარის მტვრევაა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ თითქოსდა გამოძიებამ თავიდანვე იცოდა ხორავას ქუჩაზე დაჭრილი გ.მ.-ს შესახებ და მათ შესაბამისად არ იმოქმედეს. აქედან გამომდინარე, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე “ევროპული საქართველოს” მიერ წარდგენილი რეკომენდაცია ღია კარის მტვრევაა.
„ვინაიდან ამ კომისიის მთავარი ამოცანა და მისია არის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მე ვალდებული ვარ, გამოვეხმაურო პირველ რიგში იმ დასკვნას, რომელიც ოთარმა თავისი გამოსვლის შესავალში თქვა. თქვენ დაეყრდენით თქვენს მსჯელობაში რას? თქვენ თქვით, რომ თავიდანვე გამოძიებამ იცოდაო გ.მ.-ს დაჭრის შესახებო და ამასთან დაკავშირებით არაფერი გააკეთაო და დღეს აუცილებელია, რეკომენდაციით მივმართოთო იმიტომ, რომ ცალკე გამოიყოს გამოძიებით ეს საქმეო. პირდაპირ გეტყვით, ფაქტობრივად, რა არის საქმეში – ჩანს, რომ სასამართლოში ამ მკვლელობის საქმის წარმართვამდე, 2017 წლის 27 დეკემბერს, ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში, მათ შორის, გ.მ.-ს დაჭრა არის პირდაპირ დაფიქსირებული და გამოძიების ერთ-ერთი საგანი და შესაბამისად, იმის თქმა, რომ გამოძიება ამით არ დაინტესდა, თავიდანვე არასწორია. მეორე – გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა სასამართლოს გადაწყვეტილების დროს და შემდეგ, შესაბამისად, მანამდე ამ საქმეზე, რაც იყო გაკეთებული და როგორც დაინტერესდა გამოძიება, მეტი ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა. შემდგომში უკვე ამ ცალკე გამოყოფილი გამოძიების ფარგლებში, ეს საკითხი გახდა გამოძიების დაინტერესების საგანი და დღესაც გამოძიების ფარგლებში გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზეც მიმდინარეობს გამოძიება. ახლა რაც შეეხება პრაქტიკას – თქვენ იშველიებდით სასამართლოსთან საქმის წარმოების შესაძლებლობას ხო? პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ერთი საქმის ფარგლებში ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი საქმის ფარგლებში, სხვადასხვა ფაქტზე მითუმეტეს ერთმანეთთან დაკავშირებულ ფაქტებზე, მიმდინარეობდეს გამოძიება. შესაბამისად, ეს რეკომენდაცია არის ღია კარის მტვრევა, თუ ჩვენი მიზანია, რომ ამ ფაქტზე გამოძიება ჩატარდეს და მივადევნოთ თვალი ამას, შსს ამაზე აწარმოებს გამოძიებას, მითუმეტეს იმ მოცემულობით, რომ ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ წარმოდგენილი იყო. თქვენ რაღაცნაირად მოცემულობად შემოგვიტანეთ აქ, რომ თითქოს გამოძიება არ დაინტერესდაო და იქნებ დავაინტერესოთო და ასე არ ყოფილა ეს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები