სერგი კაპანაძე: რეკომენდაციაა, რომ შსს-მ, გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე შსს-ს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი მოზარდის, გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე.
„საქმის მასალების გაცნობის შედეგად კარგად ვნახეთ, რომ ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს, გარდა ორი მოკლული მოზარდისა, ასევე დაზიანდა ერთი მოზარდი გ.მ. ამის შესახებ ინფორმაცია გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ეს ინფორმაცია ცნობილი იყო შსს-თვის, პროკურატურისთვის უკვე 1-ელ და 2 დეკემბერს, როგორც თავად გ.მ-ს, ისე სხვა მოწმეების ჩვენებებიდან, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო, ცალკე გამოძიება დაწყებული არ არის. ამ მიმართულებით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩემი ღრმა რწმენით, ჩატარებული არ არის ისევე, როგორც ცალკე არ არის გამოყოფილი საქმე ამ კონკრეტულ თემაზე. ჩვენ საქმის მასალებიდან ვხედავთ, რომ არის სხვა საქმეები, მაგრამ ეხება კონკრეტულ სხვა დანაშაულებს. კერძოდ, ეხება დაფარვას, არ შეტყობინებას, მაგრამ არა ჯანმრთელობის დაზიანებას, რაც ნამდვილად იკვეთება გ.მ-ს შემთხვევაში. ამიტომ, რეკომენდაციის არსი არის, რომ ამ კონკრეტულ თემაზე შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს. დღის წესრიგის მიხედვით, კომისიის წევრები თავდაპირველად შინაარსობრივად განიხილავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ დააყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები