ეკა ბესელია: ზვიად კუპრავა მხარეა, საგამოძიებო კომისიას ჯერ ის არ უნდა დაეკითხა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ზვიად კუპრავა ამ ეტაპზე არ უნდა დაიკითხოს.
მისივე განმარტებით, კუპრავა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ახალგაზრდების მკვლელობის თვითმხილველი არ არის და მის დაკითხვამდე საქმის სხვა ფიგურანტებისთვის უნდა მოესმინათ.
„არა მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო იმ პირებზე, ვინც კავშირშია ან შემსწრეა, ან პირველწყაროა, იმათზე ადრე დაიკითხოს ზვიად კუპრავა. ის არა არის თვითმხილველი, ის მხარეა, მისი დაკითხვით დაწყება და საერთოდ, მოწვევა იქამდე, ვიდრე უშუალო ინფორმაციის მატარებელი პირები არ არიან დაკითხული, შეცდომაა. მგონია, რომ კომისიას მაღალი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვს და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს. გამომძიებლებს, ბუნებრივია, მეტი ინფორმაცია აქვთ და დავაზუსტებთ გარკვეულ საკითხებს. რეკომენდაციებზე ვაპირებ საუბარს კომისიის სხდომაზე, მიკვირს, რომ არ აღმოჩნდა კვალიფიციური იურისტი, ვინც სწორად ისაუბრებდა ამაზე. დევნის დაწყება, ეს არის პროკურატურის დისკრეცია. ეს შეცდომაა. რეკომენდაციები კომისიას ექნება, მაგრამ ეს მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ. რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა. ეს ნიშნავს ზედაპირულ მიდგომას და მე არ მივესალმები ასეთ ზედაპირულ მიდგომას. კანონში გვიწერია, რომ კომისიას შეუძლია გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს. გამოძიების დაწყება სხვა რამეა და პირის მიმართ დევნის დაწყება სხვა. პირის მიმართ დევნის დაწყების უფლება, ასეთი კომპეტენციის მატარებელი და ასეთი უფლებამოსილების მატარებელი არ არის პოლიტიკური ორგანო, არც პოლიტიკური ორგანოს საგამოძიებო კომისია. კანონში პირდაპირ წერია, რომ ეს არის პროკურატურის დისკრეცია. თუმცა აქვე დავამატებ, რომ ყველა იმ გონივრულ რეკომენდაციას, რომელიც დაეხმარებოდა ამა საქმის ყველა გარემოების ობიექტურად წარმოჩენას, რა თქმა უნდა , ყველა ასეთ ღირებულ რეკომენდაციას დავუჭერდი მხარს” – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია დღეს, სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას გამოკითხავს. დღესვე, დეპუტატებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, ხორავას ქუჩის საქმის გამომძიებელს ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, შალვა ბედოიძეს მოუსმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები