ანრი ოხანაშვილი: დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, დაზარალებულის მიერ დასმული შეკითხვები დავსვათ და მოვითხოვოთ პასუხი

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე მთავარი მიზანი იქნება, დაზარალებულის მიერ დასმული შეკითხვები და საზოგადოებაში არსებული კითხვები დასვან, მოითხოვონ ამ კითხვებზე პასუხები.
„ვეცდებით ზაზა სარალიძის მხრიდან დასმული შეკითხვები გავაჟღეროთ, რომელიც შეეხება ფარდულის დემონტაჟს, დანის გაღუნვას, რატომ არ იყო მირზა სუბელიანი უფრო ადრე დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ ჩვენ პასუხები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ფარდულის დემონტაჟი მოხდა ხორავას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების მხრიდან და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული. ასევე გავიგეთ ის რომ დანა გაღუნული კი არ არის, თურმე მიკროსკოპულად ჩანს ამ დანის დეფორმაციის საკითხი და ვარგისია შემდგომი ექსპერტიზისთვის, ის რომ მირზა სუბელიანი დაკავებულია ფაქტია. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვექნება შეკითხვები როგორც ამ საკითხის ირგვლივ, ასევე ყველა იმ კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებაში გაიჟღერა – იმისთვის, რომ საზოგადების მოლოდინი, ზაზა სარალიძის მოლოდინი და ინტერესები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის ხდომაზე დღეს იგეგმება ზვიად კუპრავას და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გამოკითხვა.
ანრი ოხანაშვილი კომისიაზე ზვიად კუპრავას გამოკითხვის მოლოდინებზე საუბრობს და ამბობს, რომ კუპრავასგან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მიღება გამორიცხულია, რადგან, ოხანაშვილის თქმით, კუპრავა ოფიციალურად არ ყოფილა საქმეში ჩართული.
„ზვიად კუპრავას გამოკითხვის საკითხი დააყენეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. მათ ჩათვალეს, რომ ეს ადამიანი არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი. ჩვენ ფაქტობრივად გამოვრიცხავთ, რომ მისგან რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ის ოფიციალურად არ ყოფილა საქმეში ჩართული. მას ოფიციალური სტატუსი საქმეში არ გააჩნია.
რაც შეეხება შეკითხვებს, შეკითხვები იქნება სწორედ იქიდან გამომდინარე, რა საქმიანობას ახორციელებდა ეს ადამიანი ამ საქმესთან მიმართებაში და რა ინფორმაცია მოიძია აღნიშნულ საქმეზე“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოკითხვების გარდა დღეს დეპუტატები დღეს რეკომენდაციების შესახებაც იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები