მამუკა არეშიძე: “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” შესაძლოა, მათ შეხვედრების ჩაშლის მიზეზად გამოიყენონ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან დაახლოების პროცესს ხელს შეუშლის.

როგორც მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, შესაძლოა, ამან მოწინააღმდეგეს ანალოგიური სიის შედგენის საფუძველი მისცეს. გარდა ამისა, მისივე თქმით, შესაძლოა, რუსეთმა ამის გამო, ჟენევის შეხვედრები ჩაშალოს.

“მე ამ სიის შემოღების წინააღმდეგი ვიყავი თავიდანვე. მიმაჩნია, რომ ამის გარეშეც შეიძლება ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ ბრძოლა. სხვადასხვანაირი მეთოდი არსებობს ამისთვის როგორც სამართლებრივი, ისე არასამართლებრივი. რამდენიმე გარდაცვლილიაო რომ ამბობენ, სწორედ იმ მეთოდოლოგითაა გარდაცვლილი. წინააღმდეგი ვარ იმიტომ, რომ ეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთან დაახლოების პროცესს ხელს შეუშლიდა და ჩვენს მოწინააღმდეგეს ანალოგიური სიის შედგენის საფუძველს მისცემდა. ამას სოხუმი და ცხინვალი არ გააკეთებს, ამას რუსეთი იზამს. მათი მეშვეობით, ამ სიის ფიგურანტები შეიძლება საერთაშორისო სამართლებრივი დევნის საგანი გახდნენ, ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი. გარდა ამისა, ჟენევის დისკუსია ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც რუსეთი მხარეა და დასავლეთი მოდერატორის ფუნქციას ასრულებს. ამიტომ, ახლა მათ შესაძლოა, ეს სია ჰქონდეთ მიზეზად და ჩაშალონ შეხვედრები. სიებით ბრძოლა შედეგს ვერ მოიტანს. შედგენილ სიას საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება რომც ქონდეს, ვინც ცოცხალია, ამ სიიდან ფეხის გამდგმელი არ არის საზღვარგარეთ და რუსეთის ტერიტორიაზე მათ მაინც არავინ ეხება”,-განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ხოლო რაც შეეხება “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიაში გარდაცვლილი ადამიანების ყოფნას, ის განსაკუთრებულს ამაში ვერაფერს ხედავს, რადგან, როგორც არეშიძემ აღნიშნა, მათი გარდაცვალება სამართლებრივი თვალსაზრისით დამტკიცებული არ არის.

“რაც შეეხება იმ საკითხს, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შეიძლება გარდაცვლილები იყვნენ, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, მათი გარდაცვალება სამართლებრივი თვალსაზრისით დამტკიცებული არ არის, ვისზეც ეს დამტკიცდა, ისინი არც შეუყვანიათ სიაში. ამიტომ დავა მიმდინარეობს იმაზე, რაც სადაო არაა.

ცხინვალში გარკვეული კონტრსია უკვე არსებობდა და მასში მოხვედრილები იყვნენ ის ქართველები, ვინც ძარის ტრაგედიაში მიიღეს მონაწილეობა. უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად, სამართლებრივად გაუმართლებელი ნაბიჯი იყო ეს. ახლა ამას დაემატება 2008 წლის ომი. ამიტომ, შესაძლოა, ისევ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემა სამართლიანად თუ უსამართლოდ”, – განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები