“საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს საქმის გამოძიება”

„ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს“, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დრო ძალიან შეზღუდული იყო და ფაქტობრივად, გამოძიებას მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოში საქმის წარსადგენად 30 დღე ჰქონდა.
„მოგეხსენებათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, გამოძიება მაქსიმალურად არის შეზღუდული საგამოძიებო მოქმედებისათვის ჩატარებისათვის განკუთვნილ ვადაში. ეს არის 40-დღიანი ვადა, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ წინასასამართლო სხდომამდე საქმის სასართლოში გაგზავნის ვადებიც. ძალიან შეზღუდული იყო. ფაქტობრივად გამოძიებას ჰქონდა, მაქსიმალურად რომ ვთქვათ, 30 დღე. შესაბამისად, 30 დღეში ჩვენ მოვახერხეთ, რომ საქმე მიგვეყვანა მტკიცებულებების გათვალისწინებით იმ სტადიაზე, რომ სასამართლოში წარგვედგინა, იმ ბრალდებებით, რაც გითხარით, და სასამართლოს მისცემოდა შესაძლებლობა ემსჯელა ამ ორი პირის ბრალეულობაზე, ანუ ჩაიდინეს თუ არ მათ ხსენებული დანაშაული“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის თქმით, არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, შეზღუდული იყო არასრულწლოვანთა დაკითხვის დრო.
მისივე თქმით, არასრულწლოვანი მოწმეები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.
„არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, გარკვეულწილად ძალიან შეზღუდული ვიყავით დროში. მხედველობაში მაქვს, არასრულწლოვანთა დაკითხვის დრო. პროკურორმაც აღნიშნა, რომ როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია, მისი დაკავებიდან 40 დღე გეძლევა მხოლოდ და მხოლოდ რომ გამოიძიო საქმე. აქედან გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ, ზუსტად 40 დღე არ გრჩება. 5 დღით ადრე, სანამ საქმეს წარმართავ არსებით განსახილველად წინასასამართლო განხილვაზე, 5 დღით ადრე მასალები უნდა გაუცვალო მეორე მხარეს – ის მტკიცებულებები, რაც უნდა წარადგინო სასამართლოში. შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად არასრული 30 დღე ჰქონდა გამოძიებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩატარებული იყო ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, აუცილებელი მოქმედებები, დაიკითხა დაახლოებით 119 პიროვნება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იმის გათვალისწინებით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარეა გათვალიწინებული დაკითხვის დროები. ჩატარდა რამდენიმე ათეული ექსპერტიზა“ – განაცხადა კახა სირაძემ.
მისივე თქმით, არასრულწლოვანი მოწმეეები არ თანამშრომლობდნენ, ყოველ შემთხვევაში ეს ხალისით არ ხდებოდა.
„აქვე მინდა მშობლებზეც გავამახვილო ყურადღება, რომ ძირითადად, ეს ყველაფერი განხორციელდა – გამონაკლისი რამდენიმე მოწმის ყოველ შემთხვევაში – აქ გვჭირდებოდა რაღაც-რაღაც შეხმიანება, ოჯახში მისვლაც“, – განაცხადა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები