პრეზიდენტი: პარტნიორებთან შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა

ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე 5 ქვეყნის პირველ პირთან ერთად აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებებზე ტარტუში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო და ისლანდიის პრეზიდენტი გუნდი იოჰანესონი იმყოფებიან. ტარტუს უნივერსიტეტის მუზეუმში კერსტი კალიულაიდის სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა. მიღების შემდეგ, პრეზიდენტები „გაუდეამუსს” ტრადიციულ, ფოლკლორულ სტუდენტურ ფესტივალს დაესწრნენ, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.
საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეებს და ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ესტონურ ენაზე ესტონელ ხალს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთში სამუშაო ვიზიტიც შეაჯამა, რომლის ფარგლებშიც, მას მოლაპარაკებები ესტონეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა. განსახილველ საკითხებს შორის მთავარი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ნატოს დაგეგმილი სამიტი იყო. ბრიუსელის სამიტი მთავარი თემა იყო ტარტუში შეკრებილი სახელმწიფოების მეთაურებთან კომუნიკაციისასაც.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენს ესტონელ მეგობრებთან ერთად, რომლებიც არიან ჩვენი დიდი გულშემატკივრები და ქართული საკითხის ძალიან აქტიურად წამომწევნი საერთაშორისო არენაზე, გვეზეიმა დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავი. ეს ის თარიღია, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ 26 მაისს ასევე ჩვენს მეგობრებთან ერთად. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეხვედრები, ერთი მხრივ, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერებს შორის ურთიერთობებს აღრმავებს, მაგრამ აგრეთვე, გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ კოლეგა პრეზიდენტებთან ვისაუბროთ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, იქნება ეს ევროკავშირის თუ ნატოს მიმართულებით. ასე რომ, ემოციურად სასიამოვნო შეხვედრებია, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვზეიმობთ, ასევე, ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა, ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის წინ წაწევის თვალსაზრისით,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები